როდის და როგორ შეძლებენ 2020 წლის აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გაგებას?
2020 ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ყველა საგანში აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია. თუმცა ამ დრომდე მათი ღელვის საგანს არაერთი საკითხი წარმოადგენს – აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სტატისტიკური ანალიზებისა და გათანაბრებული ქულების ცოდნა და ა.შ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელს გამოცდის შედეგები 3 500-მდე აპლიკანტმა გაასაჩივრა, თუმცა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებას სხვა აპლიკანტებიც ელოდებიან, რადგან იციან რომ პრიორიტეტულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა ამ შედეგების გამოქვეყნებიდან კიდევ ერთ დღეს ექნებათ.
EDU.ARIS.GE-ს არაერთი კითხვა შემოდის აპელაციის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. აბიტურიენტებს აინტერესებთ, როდის, სად და როგორ შეუძლიათ აპელაციის შედეგების ნახვა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, სააპელაციო განაცხადების განხილვა მიმდინარე კვირაში დასრულდება და მომავალი კვირისთვის გახდება ცნობილი გასაჩივრების შემდეგ მოემატათ, დააკლდათ თუ უცვლელი დარჩათ პირველადი ქულა აპლიკანტებს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეძლებენ აპლიკანტები აპელაციის შედეგების ნახვას, გამოცდების ცენტრში გვითხრეს, რომ მონაცემები მათ პირად გვერდზე აისახება იმ ნაწილში სადაც საგნის პირველადი შეფასება წერია. პირველადი ქულის გასწვრივ ფრჩხილებში მოცემული იქნება აპელაციის შედეგად მიღებული ქულა.
აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გარკვევას SMS-ის საშუალებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93 333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
შეგახსენებთ, გასაჩივრების მსურველს, რომელმაც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმა სააპელაციო განაცხადი, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება