როგორ მოვაწყოთ ბრეინშტორმინგი საკლასო ოთახში? – კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო სტრატეგია
ბრეინშტორმინგი იდეების გენერირების საუკეთესო მეთოდი და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. მისი პრინციპი კი ძალიან მარტივია – პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ კონკრეტულ საკითხთან თუ საგანთან დაკავშირებულ ყველა კონცეფციაზე. თავდაპირველად მოსწავლემ შეიძლება, გითხრათ, რომ პასუხი არ იცის, თუმცა ამ დავალებას არ აქვს სწორი პასუხი. თქვენი მიზანია მოსწავლეებს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ბავშვებს აზროვნებას „აიძულებს“ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებინებს.
მაგალითად, ვთქვათ, საკითხი ეხება ამინდს. რა გვახსენდება ამ სიტყვის გაგონებაზე? ქარი, ტემპერატურა, შტორმი, თბილი… იდეების „შესაგროვებლად“, დაახლოებით, 5-10 წუთი დასჭირდებათ.
ბრაინშტორმინგი საუკეთესო სააზროვნო სტრატეგიაა რიგი მიზეზების გამო:
დიდია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა
ბავშვებს უწევთ გავლილი მასალის გახსენება
იდეის გაჟღერებისთვის თანაბარი შანსი აქვთ
შეცდომის დაშვების შიში არ არსებობს
უწევთ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრებს
ცდილობენ იაზროვნონ კრეატიულად
აღმოფხვრილია საუბრის შიში
ბრეინშტორმინგის მოწყობამდე პედაგოგმა რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოს:
არასწორი პასუხი არ არსებობს.
შეეცადეთ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი იდეა და ჩამოწერეთ თითოეული.
არ გააკეთოთ იდეების შეფასება და არ გამოხატოთ დამოკიდებულება მათ მიმართ.
საკითხის წამოჭრამდე დაახლოებით უნდა იცოდეთ მოსწავლეების ცოდნის არეალი და უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, იმ აუცილებელი საკითხების შესახებ, რაც შესაძლოა, აქამდე არ სმენიათ.
იდეების მიღება იწყება შემდეგი კითხვების დასმით:
გაიხსენეთ, ყველაფერი რაც კონკრეტულ საგანთან (მაგალითად, ბურთთან) ან საკითხთან (მოგზაურობასთან) ასოცირდება…
კომუნიკაციის რამდენი გზა არსებობს?
რა შეიძლება მოხდეს, თუ წვიმა არასდროს შეწყდება?
როგორი იქნება ცხოვრება მანქანების გარეშე?
რა მოხდება, თუ ყველა მანქანას ყვითლად შევღებავთ?
მოკლედ, დასვით კითხვები, რომლებიც აზროვნებას მოითხოვს და რაც უფრო მეტი იდეა ჩამოიწერება, მით უფრო მეტი ახალი, საინტერესო მოსაზრებები გაუჩნდებათ ბავშვებს. შეგიძლიათ, შეკითხვები ახალ მასალასთან დააკავშიროთ, რაც გაზრდის მათ ინტერესს საკითხისადმი და შემეცნების პროცესი ბევრად საინტერესო გახდება. ასევე, შეგიძლიათ, ბავშვები ჯგუფებად დაყოთ, მისცეთ დავალება და სთხოვოთ, დააგროვონ რაც შეიძლება მეტი იდეა.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: thoughtco.com
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- „საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია“ by ARIS.GE-განათლება
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი