GE

როგორ უნდა ავიღოთ მე-12 კლასის ატესტატი ექსტერნი გამოცდების საშუალებით

ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ასევე ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევას.

ექსტერნი კი წარმოადგენს პირს, რომელიც დადგენილი წესით დარეგისტრირდება, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ბრძანებით ქვეყნდება.

მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნის ფორმით გამოცდის ჩასაბარებლად, მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრო გამოაცხადებს ექსტერნის გამოცდაზე რეგისტრაციის თარიღს, უნდა დარეგისტრირდეთ თქვენი რაიონის რესურსცენტრში და შემდეგ განრიგის მიხედვით ჩააბარებთ შესაბამის საგანში გამოცდას.

რაც შეეხება პროცედურას, მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ტარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის კი, იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს უნდა მიმართოთ, რომელიც თქვენს რაიონს ეკუთვნის.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამის დაძლევა, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:

• ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
• მე-12 კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
• ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
• უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
• ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირს დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლის ექსტერნის გამოცდებისთვის მოქმედებდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი წესებიც, რომელიც დიდი ალბათობით 2021 წლის ექსტერნის გამოცდებზეც გავრცელდება.

ექსტერნატის გამოცდაზე დასწრება

1. ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) სამინისტროსა და რესურსცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;

ბ) მეთვალყურე – რესურსცენტრის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების პროცესს.

2. ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ხელი არ უნდა შეუშალონ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ექსტერნის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

როგორია ექსტერნატის გამოცდის პროცედურა

1. ექსტერნატის გამოცდების დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად სკოლის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება.

2. ექსტერნი უნდა გამოცხადდეს ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.

3. რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარი წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.

5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ექსტერნი ექსტერნატის გამოცდაზე არ დაიშვება.

6. ექსტერნატის გამოცდაზე გამოუცხადებლობა ექსტერნს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ექსტერნატის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

7. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით.

8. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.

9. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხმობით.

10. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.

როგორია ექსტერნის ვალდებულებები

1. ექსტერნატის გამოცდებზე ექსტერნი ვალდებულია:

ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე;

ბ) თან იქონიოს ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);

გ) სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს საგამოცდო უწყისში;

დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და მეთვალყურის მითითებანი.

2. ექსტერნატის გამოცდის მსვლელობისას ექსტერნს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

3. ექსტერნატის გამოცდების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,…) მელნის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ექსტერნებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) საგამოცდო ადგილის უნებართვოდ დატოვება. საგამოცდო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად;

ვ) სამუშაო მაგიდაზე ტესტურ დავალებათა რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;

ზ) საგამოცდო ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ საგამოცდო ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

ექსტერნის შეფასება ხდება 10-ქულიანი სისტემის მეშვეობით.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე.

ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდა როგორც წესი, ივნისის თვეში ტარდება, რეგისტრაცია კი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მიმდინარეობს. 2021 წლის მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდაზე რეგისტრაციის თარიღი ჯერ უცნობია. რაც შეეხება ატესტატის აღებას, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პირს დოკუმენტის მიღება იუსტიციის სახლში შეეძლება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური