როგორ ხდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება გულისხმობს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას და იქ ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნულ ფუნქციას საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ასრულებს და დაინტერესებულმა პირმაც სწორედ მას უნდა მიმართოს.
ცენტრი ადასტურებს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას, თუმცა აღიარებას არ ექვემდებარება უცხოეთში მიღებული სკოლამდელი განათლება, რეზიდენტურა და გაცვლითი პროგრამების დროს მიღებული განათლება.
აღიარებას ექვემდებარება:
ზოგადი განათლება,
პროფესიული განათლება,
უმაღლესი განათლება.
აღიარებას არ ექვემდებარება:
სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღი),
რეზიდენტურაში მიღებული განათლება,
საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისგან მიღებული თანხმობით განხორციელებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება.
ქვეყანაში, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ფასიანია. ერთთვიანი წარმოების ვადაა 30 დღე და მისი საფასური შეადგენს 40 ლარს, ხოლო დაჩქარებული წარმოება მიმდინარეობს 15 სამუშაო დღის განმავლობაში და მისი საფასურია 80 ლარი; 5 სამუშაო დღე (120 ლარი); 1 სამუშაო დღე (250 ლარი); დაგროვილი კრედიტების აღიარებისთვის (სემესტრი ან რამდენიმე სემესტრი) კანონმდებლობით გათვალისწინებულია მხოლოდ ერთთვიანი წარმოება და, შესაბამისად, მისი საფასური 40 ლარს შეადგენს.
წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. განცხადება (განცხადების ფორმა);
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
4. მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
5. საგანმანათლებლო დოკუმენტის* ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
6. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე – 80 ლარი; 5 სამუშაო დღე – 120 ლარი; 1 სამუშაო დღე 250 ლარი; (ელექტრონული გადახდა)
7. უცხოეთში უმაღლესი განათლების დაუსწრებელი ფორმით მიღების შემთხვევაში, საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ცენტრი, აგრეთვე უფლებამოსილია მოითხოვოს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებელსა და სტუდენტს შორის განხორციელებული საკონტაქტო საათების რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
8. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.
9. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო , რომელსაც გააჩნია აღიარების ან ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება და ითხოვს შესაბამისი საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების შესაბამისობის შესახებ.
11. უკრაინაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, პიროვნებამ უნდა შეავსოს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ფორმა. საგანმანათლებლო დოკუმენტებია: საშუალო (სრული) ზოგადი განათლების ატესტატი და მისი დანართი; საბაზო განათლების ატესტატი და მისი დანართი; დაწყებითი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შეფასებათა უწყისი); პროფესიული დიპლომი და მისი დანართი, შეფასებათა უწყისი; უმაღლესი განათლების დიპლომი და მისი დანართი, შეფასებათა უწყისი; მინიჭებული აკადემიური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება