„როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი აგვისტოში გვეცოდინება“ – ეკატერინე ტიკარაძე
პანდემიის გამო სამი თვეა სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ქვეყანამ COVID-19-თან გამკლავება შეძლო, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის ახალ ტალღას შემოდგომისთვის ელიან. ეს უკვე თავისთავად ბადებს კითხვებს სექტემბერში სწავლის განახლების შესაძლებობასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმის მიუხედავად თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელების ტალღა, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ ბევრ სცენარზე იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში უსაფრთხოდ იყვნენ. მინისტრის განმარტებით, დისტანციურ რეჟიმში მიღებული განათლება რაც არ უნდა გამართულად მიმდინარეობდეს პროცესი, ხარისხობრივად სკოლაში მიღებულ ცოდნას ვერ შეედრება.
„ჩვენ ვაკვირდებით ბევრ სკოლას და მათ საკმაოდ წარმატებულად აქვთ ეს ონლაინ პრაქტიკა აწყობილი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ადგილზე მიღებული განათლება, რა თქმა უნდა, არის ხარისხობრივად ბევრად უკეთესია. ტალღის განვითარების მიუხედავად, ვჯერდებით თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავთ არაერთ ვერსიას. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობაა, რომ ჩვენ მივცეთ სრული ინფორმაცია თუ როგორ უნდა იყოს ბავშვი დაცული კოვიდის პირობებში, არამედ ძალინ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობაც იმისათვის, რომ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა. ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ ქართული კულტურის მქონე ბავშვებისთვის იყოს ადვილად აღსასრულებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ეტაპისთვის, სექტემბერში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით კი ინფორმაცია აგვისტოში იქნება ცნობილი.
„ამ ეტაპისთვის განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ თუ როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები და პარალელურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებებს თუ როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. აგვისტოში უცილებლად გვეცოდინება რას გავაკეთებთ სექტემბერში, როგორი იქნება დაგეგმილი ახალი სასწავლო წელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება