როგორი იქნება ახალი სტუდენტური საცხოვრებელი საქართველოში – Aris.ge-განათლებას ექსკლუზივი
თბილისში ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა იწყება. ობიექტის პროექტი უკვე დამტკიცებულია და ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს რამდენიმე დღეში, 2015 წლის იანვრიდან დაიწყებს.
Aris.ge-განათლებამ ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტოები, რომლებიც აღნიშნულ კომპლექსს ასახავს. უკვე ცნობილია, რომ კომპლექსი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის ფერდობზე აშენდება და ის 300 ადგილიანი იქნება. კომპლექსში 3 საცხოვრებელი კორპუსი შედის, რომელთაგან თითო 4 სართულიანი იქნება. ცალკე აშენდება ადმინისტრაციული შენობა, რომელიც 2 სართულიანი იქნება და მასში ობიექტის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე დამატებითი საჭიროების ობიექტები დაიდებს ბინას.
ახალი სტუდენტური საცხოვრებელის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მშენებლობის დაწყებამდე კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდა. უკვე ცნობილია ის კომპანიაც, რომელიც ახალ კომპლექსს ააგებს. ობიექტის მთლიანი ღირებულება 5 250 777 ლარია.
როგორც Aris.ge-განათლებას მუნიციპალური განვითარების ფონდისაღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა განუცხადა, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების მიზანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტებისათვის სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა.
“უკვე შემუშავდა მშენებლობისთვის საჭირო პროექტი, ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტით გათავლისწინებული 3 საერთო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გარდა დაგეგმილია საზოგადოებრივი კორპუსის მშენებლობა, სადაც ადმინისტრაციული შენობა იქნება განთავსებული. პროექტის ფარგლებში გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ მოეწყობა შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება”,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ილია დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ კორპუსში გათვალისწინებულია სასტუმროს ტიპის ბინების მოწყობა, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება განკუთვნილი.
“ამ კომპლექსში ასევე გათვალისიწნინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ყველა საშუალება იყოს, რათა გარემო სრულად იყოს ადაპტირებული, რომ მათ თავისუფლად შეძლონ შენობებში გადაადგილება და იქაური ინფრასტრუქტურით სრულფასოვნად სარგებლობა”,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი კომპლექსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ რა პრინციპით შეირჩევიან ახალგაზრდები აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებლად, როგორ მოხდება მათი შერჩევა და რამდენი ხნით მიეცემა თითოეულ სტუდენტს ახალ სტუდენტურ კომპლექსში ცხოვრების საშუალება, განათლების სამინისტრო გადაწყვეტს.
აღნიშნულ საკითხზე Aris.ge-განათლება თამარ სანიკიძეს ესაუბრა. მინისტრის თქმით, პროცედურული დეტალები საბოლოოდ დადგენილი არ არის.
“შემიძლია ვისაუბრო ძირითად კონცეფციაზე, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდება როგორც სოციალურად დაუცველი, ისე წარჩინებული სტუდენტების. რაც შეეხება დეტალებს, ეს დამუშავების პროცესშია. ჯერჯერობით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხოლო კონცეფცია, წესი და ყველაფერი შემდეგ ეტაპზე დამტკიცდება. ამოსავალი წერტილი და ძირითადი ის არის, რომ კარგი სტუდენტები, რომელთაც ნამდვილად სურთ სწავლა, ჰქონდეთ შესაბამისი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან. ეს განსაკუთრებით იმ ფენას ეხება, რომლელსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება – ვგულისხმობ სოციალურად დაუცველებს და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს”,- აცხადებს თამარ სანიკიძე.
თამარ სანიკიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად სტუდენტებს. Aris.ge – განათლებასთან საუბრისას ახალგაზრდები ერთმანეთის მსგავს პოზიციას აფიქსირებენ და თვლიან, რომ სტუდენტური საცხოვრებლით სარგებლობა უფრო მეტ სტუდენტს უნდა შეეძლოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ქართველიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან სათანადო პირობები განათლების მიღების მსურველ უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს, ვიდრე ეს პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული.
“სოციალურად დაუცველი, დევნილი ან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები სტუდენტების გარდა, უამრავი ისეთი სტუდენტი არსებობს, ვისაც დახმარება ასევე ესაჭიროება. მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი, შესაბამისად, ბევრ ახალგაზრდას უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ სრულფასოვანი განათლების მისაღებად. განსაკუთრებით აქცენტს რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებზე ვაკეთებ, რომელთა დიდი ნაწილი ბინას ქირაობს, სწავლის პარალელურად მუშაობს და ბევრს წვალობს დედაქალაქში თავის გასატანად. ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, სამომავლოდ სახელმწიფო უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეს და მასგავი დაწესებულებით სარგებლობა ყველა ისეთ პირს შეეძლოს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კომპლექსს, კარგია რომ 300 სტუდენტით შემცირდება მძიმე პირობებში მყოფი ახალგაზრდების რაოდენობა და ისინი თანამედროვე გარემოში შეძლებენ სწავლასთან ერთად ცხოვრებას”,- ამბობს მარიამ ქართველიშვილი.
რაც შეეხება დღეს არსებულ სტუდენტურ საცხოვრებლებს, იქ ცხოვრების საშუალება მხოლოდ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აქვთ, თუმცა ისინი პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე ასეული სტუდენტი თსუ-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. როგორც Aris.ge-განათლებას თსუ-ში განუცხადეს, 2008 წლის ომამდე საცხოვრებლებში ადგილები ბევრად მეტი სტუდენტისთვის იყო, თუმცა უნივერსიტეტმა ბაგებში მდებარე შენობა ომის დროს უსახლკაროდ დარჩენილი დევნილებისთვის დათმო.
ანალოგიური მდგომარეობაა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. ამჟამად სტუ-ს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელშიც დევნილები ცხოვრობენ. შედარებით უკეთესი სიტუაციაა კერძო უმაღლესი სასწავლებლების სემთხვევაში. რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს მაღალი დონის საერთო საცხოვრებლებითაც უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საერთო საცხოვრებლების განაწილებისას პრიორიტეტული ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც თბილისში სასწავლებლად რეგიონებიდან ჩამოდიან და საკუთარი ბინა არ აქვთ. ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებსაც ითვალისწინებს და მხოლოდ ამ მონაცემების გადამოწმების შედეგად წყდება შეეძლება თუ არა ახალგაზრდას იცხოვროს უფასოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებელში.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდება, სახელმწიფო მსგავსი პროექტის განხორციელებას კიდევ სამ ქალაქში – ქუთაისში, ახალციხეში და ზუგდიდშიც გეგმავს.
გიორგი არის© ხურცია
- მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – განკარგულება by ARIS.GE-განათლება
- „საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია“ by ARIS.GE-განათლება
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება