GE

სად უნდა წარადგინოს მასწავლებელმა ე.წ. „დეკრეტული შვებულების“ დაფინანსების მოთხოვნა და ვინ ვერ მიიღებს თანხას – დადგენილება

საჯარო სკოლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ე.წ. „დეკრეტული შვებულების“ დაფინანსების ახალი წესით ანაზღაურების დეტალებსაც ადგენს საჯარო სკოლებს უკვე გადაეგზავნათ.

EDU.ARIS.GE-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა კითხვით, შეძლებენ თუ არა გაზრდილი ე.წ. „დეკრეტული შვებულების“ დაფინანსების მიღებას, თუკი ისინი შვებულებაში დეკემბრის დასაწყისში, ან შუა რიცხვებში გავიდნენ. დადგენილებაზე დაყრდნობით ჩანს, რომ თუკი პირი ამ ტიპის შვებულებაში მრემიერის დადგენილების ამოქმედებამდე გავიდა, ის დაფინანსებას ძველი წესით მიიღებს.

ფულადი დახმარების ოდენობა

როგორც დღეს, 25 იანვარს გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს მთავრობა ადგენს, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს ჯამურად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარით.

გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების საფუძველი

დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება. დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გაიცემა.

საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

ვისზე ვრცელდება დადგენილება და რა გარემოებით შესრულდება

ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობა გულისხმობს:

ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდს 2023 წლის 1 იანვრიდან გახსნილი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

ბ) ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის შემდეგ ან 2023 წლის 1 იანვრიდან ბავშვის დაბადების შემდეგ პერიოდს;

გ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდს 2023 წლის 1 იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

სად წარადგენთ დაფინანსების განაცხადს და ვინ ვერ მიიღებს გაზრდილ დაფინანსებას

„ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარების მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალურ მომსახურების სააგენტოში წარდგენილი დაფინანსების განაცხადები ექვემდებარება ანაზღაურებას 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესითა და ოდენობით, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, – წერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებაში.

ასევე იხილეთ:

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი იქმნება – ვინ გააკონტროლებს ახალ უწყებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური