GE

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეჩერდება

საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილებაში, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცებას ეხება, განსაზღვრულია გარკვეული აკრძალვები, რაც ადამიანების ჯგუფურ თავშეყრას ეხება. დადგენილებაში ასევე დასახელებულია რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, რასაც შეზღუდვა არ ეხება, მათ შორისა  სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება.

არდადეგების დაწყებამდე სკოლების ნაწილში, სასწავლო პროცესის პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და მშობლების ნაწილი ჩიოდა, რომ  ეს მოსწავლეებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. იმის გამო, რომ ქვეყანაში გამოცახდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებული არ არის, მოსწავლეებს სკოლის დაწყებამდე სამუშაოები დიდი ალბათობით დასრულებული დახვდებათ.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული 76 600 000 ლარიდან უკვე გახარჯულია 5 309 053.95 ლარი, საჯარო სკოლების დაფინანსების უზრუნველყოფის 1 500 000 ლარიდან კი – გახარჯულია 11 874 ლარი.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმდინარეობს 65 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია (პროექტირება/მშენებლობა 64 საჯარო სკოლა, რეაბილიტაცია 1 საჯარო სკოლა). ამასთან, ფონდის მიერ მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება მიმდინარე წელს.

2019 წელს, ფონდის მიერ დასრულდა 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე 2019 წელს მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 39 990 000 ლარი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა 642 საჯარო სკოლას.

რაც შეეხება ახალი სკოლის მშენებლობას 2019-2020 წლებში ახალი სკოლა არ აშენებულა, თუმცა 64 სკოლის პროექტირება/მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა დასრულების ვადა 2020-2021 წელია.

მხოლოდ 2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 77 211 770 ლარი, მათ შორის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტებს გადაერიცხათ 39 990 000 ლარი, ხოლო ფონდის მიერ საჯარო  სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციაზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 37 221 770 ლარი.

2020 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასარიცხად გათვალისწინებულია 40 მილიონ ლარამდე, ხოლო სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია 109 მილიონი ლარი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური