საჯარო სკოლებისთვის 5000 ცალ ხელის დისპენსერს შეისყიდიან – სკოლების სია
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო იმ საჯარო სკოლებში, სადაც შენობის შიგნით სველი წერტილები არაა, 750 000 ლარის ღირებულების ჰიგიენურ საშუალებებს შეისყიდის.
როგორც აღმოჩნდა, ასეთი სკოლა ძალიან ბევრია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია განცხადება, საჯარო სკოლებისთვის მექანიკური დისპენსერების და ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით.
„საჯარო სკოლებში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, აუცილებელია გატარდეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. ვინაიდან ჰიგიენური ნორმები ნაკლებადაა დაცული იმ საჯარო სკოლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მექანიკური დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი შესყიდულ იქნეს სწორედ ასეთი სკოლებისთვის,
„3000 ცალი დისპენსერის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დარჩენილი 2000 ცალი დისპენსერის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სააგენტო 80 000 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს შეისყიდის.
„რაც შეეხება სადეზინფექციო ხსნარს, გვესაჭიროება 5 ლიტრიანები, ჯამური 80000 ლიტრიდან 10 000 ლიტრი, ანუ 2000 ცალი 5 ლიტრიანი, გვესაჭიროება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დარჩენილი ნაწილის 70 000 ლიტრის, ანუ 14 000 ცალი 5 ლიტრიანის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ჰიგიენური ნორმები ნაკლებადაა დაცული იმ საჯარო სკოლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მიზანშეწონილია მექანიკური დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი შესყიდულ იქნეს სწორედ ასეთი სკოლებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაძლებელია მოსწავლეთა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებამ გადააჭარბოს მოლოდინს, შესაბამისად საჭიროა გაიზარდოს შესასყიდი მექანიკური დისპენსერისა და სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა და ნაცვლად 2600 ცალი დისპენსერისა შესყიდულ იქნეს 5000 ცალი, ხოლო 58 000 ლიტრის ნაცვლად შესყიდულ იქნება 80 000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი. დამატებით შესასყიდი 2400 ცალი დისპენსერი და 22 000 ლიტრი მოწოდებულ უნდა იქნეს სააგენტოს დროებით საკუთრებაში არსებულ საწყობში. მარაგში არსებული დისპენსერები და ხსნარი საჯარო სკოლებზე დამატებით გაიცემა მოთხოვნის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრება 745 000 ლარით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია სკოლების სია, მათი რაოდენობა 1000-ზე მეტია. თბილისის სკოლებიდან სიაში მხოლოდ სამი სკოლაა შესული, ესენი გახლავთ სოფელ გლდანში მდებარე 209-ე საჯარო სკოლა და ლილოს დასახლებაში მდებარე 215-ე და 217-ე საჯარო სკოლები.
შეგახსენებთ, რომ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა განათლების სამინისტროში, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ ასეთი საჭიროების შემთხვევაში არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება