GE

საჯარო სკოლის დირექტორს, 2 წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, უფლებამოსილება შეუწყდება

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში პრეზიდენტის ბრძანებით ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, განათლების სამინისტროს, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებს შეუძლიათ დაითხოვონ სამეურვეო საბჭოები, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ასევე ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო, 1 წლის განმავლობაში ორ  წერილობით გაფრთხილებას მიიღებს, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო, 1 წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს, დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს), თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს ექნება ინფორმაცია საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების დარღვევის შესახებ, მაშინ სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

„ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებაში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური