GE

საგამოცდო ბარათის მიღებისა და გამოყენების წესი – რა დროს მივდივართ საგამოცდო ცენტრში

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ ცოტა დრო რჩება. 2 ივლისს პირველი გამოცდა აბიტირიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. 2 ივლისიდან გამოცდებს აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, ასევე მაგისტრობის კანდიდატები და საგრანტო კონკურსის მონაწილეები ჩააბარებენ.

ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან უკვე შესაძლებელია, ხოლო მის ამობეჭდვა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, აპლიკანტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებამდე შეეძლებათ: “ბაზა, საიდანაც საგამოცდო ბარათის ამობეჭდვაა შესაძლებელი, ღია იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებამდე, რადგან დაზღვეული იყოს აპლიკანტი აღნიშნული ბარათის დაკარგვისგან და მრავალჯერ ჰქონდეთ მისი ამობეჭდვის საშუალება საჭიროების შემთხვევაში”.

ბარათებთან დაკავშირებით, რომელიც აპლიკანტებისთვის პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგენს საშვს გამოცდების მთელი პერიოდის განმავლობაში​, EDU.ARIS.GE არაერთ კითხვას იღებს. ყველაზე აქტუალური კი გამოცდის დაწყების დროის დაზუსტება და სკოლის ადგილმდებარეობის დადგენაა.

გთავაზობთ საგამოცდო ბარათის მიღებისა და გამოყენების წესს:

ბარათის ამოსაბეჭდად საჭიროა აბიტურიენტი შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით. აღნიშნული ეხება აბიტურიენტებს, მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის მსურველებს.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის დასახელება და ამავე ცენტრის მისამართი, თითოეული საგნისთვის განკუთვნილი საგამოცდო დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო. მაგ.: თუ საგამოცდო ბარათში გამოცდის დაწყების დრო მითითებულია 08:00 საათი, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე რეგისტრაცია იწყება 8 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 9-ზე. იმისთვის, რომ გამოცდაზე არ დააგვიანოთ (რადგან დაგვიანბით მისული აპლიკანტი არ დაიშვება გამოცდაზე) საგამოცდო ცენტრში უნდა მიხვიდეთ ბარათზე მითითებულ დროს.

რაც შეეხება სექტორსა და მაგიდის ნომერს, რომლის შესაბამისი გრაფები საგამოცდო ბარათზე ცარიელია, მას საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ დაგიდგენთ.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი გამოცდების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ა მ ო ბ ე ჭ დ ვ ი ს  პ რ ო ც ე დ უ რ ა

აპლიკანტმა პირად გვერდზე (სადაც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) უნდა გამოიყენოს ღილაკი – “დაბეჭდეთ ბარათი”.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4). საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.

ბარათი გამოცდაზე შესვლის წინ უნდა წარმოადგინოთ პირადობის მოწმობასთან ან პასპორტთან ერთად.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური