საკარანტინე სივრცეში მყოფ ცხრა აბიტურიენტს ვირუსი არ დაუდასტურდათ და გამოცდაზე გავიდნენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის განცხადებით, იმ 9 აბიტურიენტს, რომლებიც 7 ივლისს საგამოცდო სივრცეში ინფიცირებულ ახალგაზრდასთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ჩვენი ინფორმაციით კი, ზოგიერთი დღეს ისტორიის გამოცდაზეც გავიდა.
“საბედნიეროდ, მათ არ აღმოაჩნდათ ვირუსი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების წესები, რაც გვაქვს, ნამდვილად მუშაობს და ამისთვის დიდი მადლობა სპეციალისტებს. ეს აბიტურიენტები აგრძელებენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, ოღონდ გაძლიერებული უსაფრთხოების წესების დაცვით”, – აცხადებს სოფიო გორგოძე.
მისივე თქმით, დღეს მიმდინარე ისტორიის გამოცდაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 5 აბიტურიენტი განთავსდა სარეზერვო სივრცეში.
როგორც ცნობილია, ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ინფიცირებული აპლიკანტი აბარებდა გამოცდას, საკარანტინე სივრცეში არიან განთავსებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მათ ყველა გამოცდის წინ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვეღარ ჩაერთვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები არის ცენტრალიზებული სისტემის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას კონკრეტული აბიტურიენტებისთვის ცალკე ვერ ჩაატარებენ.
“სამწუხაროდ, ჩვენ გამოცდის განმეორებით დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს. ერთიანი ეროვნული გამოცდები არის სტანდარტიზებული გამოცდა, სესიების დასრულების შემდეგ ტესტები ქვეყნდება, შესაბამისად, პასუხებიც უკვე ცნობილია. წინა წლებშიც ხდებოდა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ერთვებოდა ბავშვი, სამწუხაროდ, ასეთი ცენტრალიზებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს, რომ ასეთი ბავშვი ჩაერთოს საგამოცდო პროცესში”, – აცხადებს სოფიო გორგოძე”, – დასძინა გორგოძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება