შეიცვლება თუ არა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი – პოსტისთვის ყოფილი მინისტრი და ბსუ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იბრძვიან
15 ივლისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი, ან ძველი რექტორი ეყოლება მეორე ვადით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა ორ კანდიდატს სურს. განაცხადი აქამდე მოქმედმა რექტორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის განათლების ყოფილმა მინისტრმა გააკეთეს.
ინგა შამილიშვილი გასული წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბათუმის ქუჩებში რუსული დროშების გატანის ფაქტის შემდეგ გაათავისუფლეს. ფესტივალის ფარგლებში ჩამოსული დელეგაციების რუსულმა წარმომადგენლობამ რუსეთის დროშა “რასიას” შეძახილით ქუჩებში მსვლელობისას ააფრიალა. ამ ფაქტის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.
როგორც ის ამბობს, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი მან ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ გამოთქვა და სამოქმედო გეგმაც წარდგენილი აქვს.
„ჩემი აკადემიური და ადმინისტრაციული გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ საჯარო კონკურსში მივიღო მონაწილეობა. ვაკმაყოფილებ აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს. მე ამ უნივერსიტეტში გავიზარდე. ყველა ეტაპი გავიარე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო უნივერსიტეტში. დღემდე ვარ ამ უნივერსიტეტის აკადემიური პირი. ვთვლი, რომ შემიძლია მის განვითარებაში კიდევ დამატებით წვლილი შევიტანო. შანსები აკადემიური საბჭოს გადასაწყვეტია როცა შეაფასებენ სამოქმედო გეგმას. გეგმა იყო მოთხოვნა და მაქვს, რომელიც დევს საბუთებთან ერთად”, – განაცხადა EDU.ARIS.GE-თან საუბარში შამილიშვილმა.
რაც შეეხება მერაბ ხალვაშს, ის რექტორად 2016 წელს აირჩიეს, იქამდე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. რექტორობის კანდიდატი მაშინაც მხოლოდ ორი პირი ხალვაში და ანთაზ ქიქავა იყვნენ, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე მოხსნა, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ ხალვაშმა ხმათა სრული უმრავლესობა მიიღო. განმეორდება თუ არა მსგავსი სიტუაცია 2020 წლის 15 ივლისს, ამას დრო გვიჩვენებს.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება