„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლებს პირველკლასელთა დოკუმენტაციის მიღება ელექტრონულად მოუწევთ“
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 27 აპრილს იწყება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაციას, მშობლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, საჯარო სკოლა ახორციელებს.
კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, სკოლების ნაწილი მშობლებს მოუწოდებს, რომ 27 აპრილიდან სკოლაში მისვლის ნაცვლად საჭირო დოკუმენტაცია სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნონ. მათ შორისაა თბილისის 37-ე საჯარო სკოლა.
„მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ იწყება პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი. 2020 წლის 27 აპრილიდან რეგისტრირდებიან დედმამიშვილები, თანამშრომლის შვილები, ერთდროულად ოჯახიდან ორი და მეტი ბავშვი. რეგისტრაციას და ჩარიცხვას ახორციელებს თავად სკოლა მშობლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისად. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლებს პირველკლასელების დოკუმენტაციის მიღება მოუწევთ ელექტრონულად. ელ-ფოსტაზე“, – ნათქვამია სკოლის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე დაზუსტებულია, რომ თუ მშობელი ვერ შეძლებს დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში გადაგზავნას, შეუძლია სკოლაში მივიდეს.
„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მშობელი ელექტრონულად ვერ გადაუგზავნის სკოლას განაცხადს და თანდართულ დოკუმენტაციას, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, ადმინისტრაცია მიიღებს მშობლებს სკოლაში 29 აპრილს, 11:00-დან 15:00 საათამდე, მატერიალურად დოკუმენტაციის მისაღებად“, – ნათქვამია განცხადებაში.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა პანდემიის გამო, შეიცვალა თუ არა პირველკლასელთა რეგისტრაციის წესები და პირობები. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაციის წესებში არანაირი ცვლილება შეტანილი არ არის. „27 აპრილამდე ჯერ გარკვეული დროა, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ოფიციალურად გამოქვეყნდება“,- აცხადებენ უწყებაში.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე სკოლებში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ასე გამოიყურება: 1. ბავშვის დაბადების მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული; 2. მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. ორი ფოტოსურათი; 4. ჯანმრთელობის ცნობა; 5. დევნილის/სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს by ARIS.GE-განათლება
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი