GE

შეტყობინებები გაიგზავნა, თუმცა არც „ნაეკში“ და არც სამინისტროში არ იციან, გაუქმდება თუ არა შემოდგომაზე დაგეგმილი მასწავლებელთა გამოცდები

პრაქტიკოსი მასწავლებლები კვლავ შემოდგომისთვის გადადებული გამოცდების მოლოდინში არიან. თუმცა შემოდგომა უკვე მიიწურა ოფიციალურად დადასტურებული პასუხი რომ გამოცდები გადაიდო, ან გაუქმდა, მათ ჯერ არ მიუღიათ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების გადადების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, მაგრამ კომპეტენციის დადასტურების პროცესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ელოდებიან, რომ მათ გამოაქვეყნონ დეტალური ინფორმაცია. სამინისტროში კი ამბობენ, რომ სხვა ინფორმაცია მათ არ აქვთ და საკითხს “არკვევენ”.

EDU.ARIS.GE განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს ვერ გააკეთებენ და ოფიციალურ ინფორმაციას მომავალ კვირაში უნდა დაველოდოთ.

ჯერ კიდევ ოქტომბერში EDU.ARIS.GE აქტიურად წერდა პრაქტიკოს მასწავლებელთა შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდების არ ჩატარების შესახებ.

გამოცდების გაუქმების შესახებ საუბრობდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირებიც. მათი ინფორმაციით, შემოდგომისთვის გადადებული პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდების კვლავ გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო ამის ინიციატორად ისინი გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს ასახელებდნენ.

შემოდგომაზე დაანონსებულ გამოცდებს 5000-მდე პრაქტიკოსი და სპეციალური მასწავლებელი ელოდება, რას შესთავაზებს მათ სამინისტრო გამოცდების გაუქმების შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასევე უცნობია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური