GE

სკოლა, რომელშიც ბავშვებს ცოდნის მიღება ჯანმრთელობის ხარჯზე უწევთ

ორხევის დასახლების 700-მდე მოზარდისთვის სასწავლო პროცესი ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ მიმდინარეობს. პრობლემას 156-ე საჯარო სკოლიდან 100 მეტრის დაშორებით მდებარე ფეროშენადნობთა ქარხანა ქმნის, რომელიც ყოველგვარი ფილტრების გარეშე მუშაობს. ადგილობრივები ქარხნის დახურვის მოთხოვნით, პერმანენტულად, საპროტესტო აქციებსაც მართავენ, თუმცა მათი მოთხოვნა დღემდე რეაგირების გარეშე რჩება.

“ეს მეტალურგიული ქარხანა სკოლასთან ძალიან ახლოს მდებარეობს, 100-150 მეტრში, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას პირველ რიგში და არამატრო ბავშვების, მთელი უბნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, იმიტომ, რომ ხშირად არის საშინელი კვამლი, გამონაბოლქვი, სუნთქვა ჭირს, განსაკუთრებით ღამის საათებში”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას 156–ე სკოლის მოსწავლის მშობელმა თამარ სოლოღაშვილმა.

ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობის შეჩერებას ითხოვს 156-ე საჯარო სკოლის დირექტორიც. როგორც ქეთევან ხახუბია Aris.ge-განათლებასთან საუბრისას განმარტავს, ქარხნის ხელმძღვანელობა დეტალურადაა ინფორმირებული, რომ მომწამვლელი გამონაბოლქვი მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთეს უქმნის, თუმცა, მიუხედავად ამისა, საწარმოო პროცესი გაკვეთილების მიმდინარეობის დროსაც არ ჩერდება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი შპს “ჯორჯიან მეტალია”.

Aris.ge-განათლება კომპანიის ხელმძღვანელთან დაკავშირებას შეეცადა. როგორც მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა ამონაწერიდან ირკვევა, “ჯორჯიან მეტალს” სამი დამფუძნებელი ჰყავს, თუმცა ისინი ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას არ განკარგავენ და საწარმოო პროცესს ქარხნის დირექტორი ლევან ლებანიძე უძღვება. ჩვენ ლებანიძესთანაც ვცადეთ დაკავშირება.

ქარხნის ხელმძღვანელობა Aris.ge-განათლებასთან საუბრისას მცირე ხარვეზების არსებობას არ უარყოფს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამუშაო პროცესის შეჩერებას მაინც არ აპირებს. ლევან ლებანიძე თემაზე ვრცლად საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ ორხევის ქარხანა არანაირად არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის ზიანის მომტან წარმოებას. მისი განმარტებით, ფილტრები უახლოეს მომავალში დამონტაჟდება, იქამდე კი ქარხანა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

სკოლა, რომელშიც ბავშვებს ცოდნის მიღება ჯანმრთელობის ხარჯზე უწევთ

უშედეგო პროტესტის შემდეგ, ორხეველები რადიკალური ნაბიჯების გადადგმასაც არ გამორიცხავენ. კერძოდ, თუკი “ჯორჯიან მეტალის” ადმინისტრაცია წარმოებას უსაფრთხოს არ გახდის, ისინი ქარხნის მუშაობის პარალიზებით იმუქრებიან.

“ჩვენ, ხანში შესულ ხალხს, ცოტა დრო დაგვრჩა სასიცოცხლოდ და ჩვენ თავებს არ ვჩივით, აქ ბავშვები იზრდებიან, სკოლა ქარხანასთან ძალიან ახლოს არის და ეს საშინელებაა. წარმოუდგენელ პირობებში გვეზრდებიან შვილიშვილები. რამნდენჯერ ჩავატარეთ საპროტესტო აქცია, ვის არ მივმართეთ, ყველა ზომა მივიღეთ, მაგრამ ქარხანა მაინც ძველებურად აგრძელებს მუშაობას. თუ ასე გაგრძელდა, ერთ დღესაც ავდგებით და გადავკეტავთ ქარხნის შესასვლელს, შიგნით კი არავის შევუშვებთ. ამათი მუშაობის გამო არ დავააავადმყოფებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. სკოლაში ვეღარ უნდა გავუშვათ ბავშვები ვიღაცის ბიზნესის გამო?!”,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ნინო სონგულიამ.

სკოლა, რომელშიც ბავშვებს ცოდნის მიღება ჯანმრთელობის ხარჯზე უწევთ

ამასთან, ორხეველების განცხადებით, ქარხნის გამონაბოლქვი სპეციფიური სუნით გამოირჩევა და ადგილობრივებში თავის ტკივილს იწვევს. მათი თქმით, კვამლის სუნი განსაკუთრებით საგრძნობი საღამოს საათებშია.

“გამონაბოლქვის და კვამლის სუნი არამარტო ორხევში, არამედ მიმდებარე დასხლებებშიც საგრძნობია. ალექსეევკის დასახლებამდეც კი მიდის. იქაურებიც შეწუხებულები არიან. საშინელ დღეში ვართ, ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს”,- ამბობს სონგულია.

ეკოლოგი ნინო ჩხობაძე საწარმოსთან დაკავშირებულ პრობლემებს მოქმედი კანონმდებლობის სისუსტეს უკავშირებს.

“ჩვენ ვიცით ამ საწარმოს შესახებ. ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. იმიტომ, რომ ფეროშენადნობი საწარმო რომ შენდება სადღაც, აბსოლუტურად კანონიერად, მათ არ აქვთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმეტაცია. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემთხვევაში, ჯერ ერთი, ის ვერ გაშენდებოდა სკოლასთან ახლოს. მეორე–მას ექნებოდა შესაბამისი ტექნოლოგია და სხვა ტიპის ტექნოლოგიური რეგლამენტი. ეს იქნებოდა დახურული საწარმო და აირები გარეთ არ გამოვიდოდა”,– განახადა ნინო ჩხობაძემ.

Aris.ge- განათლება დაინტერესდა, არიან თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში შესაბამისი ორგანოები. გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საკითხს უკვე რამდნეიმე თვეა, სწავლობენ.

გარემოს დაცვის ზედმხედველობის სამსახურის უფროსი ვერიკო აღლემაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა გადაცდომების გამო, ორხევის დასახლებაში მდებარე ფეროშენადნობთა ქარხანა უკვე ორჯერ დაჯარიმდა. დაჯარიმების ერთ–ერთი მიზეზი ნარჩენი მასალის არასწორი მართვა იყო, თუმცა როგორც აღლემაშვილი განმარტავს, ამჟამად, ეს პრობლემები მოგვარებულია. მისივე თქმით, საწარმო უკვე 3 თვეა, კონტროლდება. ობიექტის მუშაობას მკაცრად აკონტროლებს გარემოს დაცვის სამინისტრო და მისი თქმით, მონიტორინგისას, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები გატარდება.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური