სკოლები ახალ ინფორმაციას დისტანციურად სწავლების შესახებ სამინისტროსგან ელოდებიან
საჯარო და კერძო სკოლები დისტანციურად სწავლების შესახებ ახალ მითითებებსა და რეკომენდაციებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ელოდებიან.
მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ სკოლის მასწავლებლებს ინდივიდუალური კომუნიკაციის ფორმა აქვს შემუშავებული მოსწავლეებთან და სწავლა-სწავლების პროცესს შეძლებისდაგვარად ახორციელებენ. კომუნიკაცია ხორციელდება სკაიპის ან სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით, როგორც ინდივიდუალურად მოსწავლეებთან, ისე საერთო ჯგუფებში, სადაც მოსწავლეთა მშობლებიც არიან გაწევრიანებული. სკოლების ერთი ნაწილი კი მოლოდინის რეჟიმშია.
განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო გეგმის ფარგლებში ელექტრონული სწავლების საკითხზე აქტიური მუშაობა გრძელდება.
“სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ხელს შეუწყობს სკოლებს, მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იყოს მიღწეული.
ამ მიმართულებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
რეკომენდაციების თანახმად სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.
შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა TEAMS-ის პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს და ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და განათლების ისეთ ფორმებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის”, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების განმარტებით, როგორც 2019 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft office-ის ლიცენზირების სრული პაკეტი შეიძინა, მათ, შორის პროგრამა Teams-ი, რომლის დანერგვაც სკოლებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს უფასო რესურსების განთავსებას პორტალზე www.el.ge.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი