„სკოლის გახსნა არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, გაგრძელდება მონიტორინგი, თუ რამდენად მზად არიან ისინი“
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ რამდენიმე სკოლა უკვე შეამოწმა, რეკომენდაციებიც გასცა და ამ კუთხით მონიტორინგი გრძელდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სწავლის დაწყების გადადების საფუძველი არ არსებობს
„ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც ინერგება. ჩვენი ინსპექტორატი ამოწმებს შრომის უსაფრთხოებას სხვადასხვა ადგილზე, იყო რამდენიმე სკოლაში, შეამოწმა მზაობა, გავეცით რეკომენდაციები და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ გაგრძელდება მონიტორინგი, თუ რამდენად მზად არიან სკოლები, უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ჩვენ მოგვიხდეს სწავლის დაწყების გადავადება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბარში ასევე განმარტა თუ რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს.
„საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები მოვამზადეთ და გამოვეცით. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ ეპიდემიის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, არის ეტაპობრივი გახსნა და ეტაპობრივი მოშვება შემზღუდავი ღონისძიებების. სკოლის გახსნა არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა და ამდენად, 15 სექტემბერს, როდესაც ჩვენ სკოლის გახსნას ვგეგმავთ, გარკვეული გარდამავალი პერიოდი გვჭირდება, ვიდრე შემდეგ დამატებით ღონისძიებას გავხსნით. ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღები დარჩა ის დიდი თავშეყრის ადგილი, რომელიც ჯერჯერობით არის შეზღუდვის რეჟიმში. სჯობს, რომ უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება