GE

სკოლის მოსწავლეებმა კუთვნილი ოქროს მედლები სასამართლოს გზით მოიპოვეს

ქალაქ ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ორმა ყოფილმა მოსწავლემ კუთვნილი წარჩინებული მოსწავლის ოქროს მედლები სასამართლოს ძალით მოიპოვა.

არაერთი განხილვის შემდეგ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ლუკა პარუნაშვილისა და რუსუდან მელიქიძის ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე გია ბერაიას გადაწყვეტილებით, მეექვსე სკოლას ორივე მოსწავლის ოქროს მედალზე წარდგენა დაევალა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მოსამართლემ სკოლის დირექტორს მიმართა და მოქმედება დაუწუნა:

„მოსარჩელეების სასკოლო შეფასება დამრგვალების გარეშე არის 10. ამას სადავოდ არ ხდით მხარეები. სხვისი შეცდომა არ შეიძლება საფუძველი გახდეს მოსწავლეების დასჯის. თქვენი გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებს უფრო მკაცრად სჯით, ვიდრე მასწავლებლებს, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს. საფუძველი არ გქონდათ, რომ უარი გეთქვათ წარდგენაზე. დირექტორს არ აქვს უფლება ვინც უნდა ის წარადგინოს კანდიდატად. ამ მოსწავლეების წარდგენას კანონი გავალდებულებდათ“, – მიმართა სკოლის დირექტორს გია ბერაიამ.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს და ოქროს მედლის კანდიდატად მოსარჩელეების გარდა, იგივე მიზეზით სიიდან ამოღებულ ოთხ ყოფილ მოსწავლესაც წარადგენს.

ორმა ახალგაზრდამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოქროს მედალოსნების სიაში მათი გვარი ვერ იპოვა. წარჩინებული მოსწავლეების ოქროს მედლების გარეშე დარჩენა სკოლამ განათლების სამინისტროს რეკომენდაციით ახსნა.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა შესარჩევად, განათლების სამინისტროს კომისიამ შეისწავლა მეექვსე სკოლის შეფასების ჟურნალი, სადაც ხარვეზები აღმოაჩინა. ამის შესახებ სკოლას აცნობა და რეკომენდაცია მისცა, რომ მოსწავლეების ნაწილი ოქროს მედალოსანთა კანდიდატად არ წარედგინა. რეკომენდაციის შემდეგ, მეექვსე სკოლამ სამინისტროს მედალოსანთა ახალი სია გადაუგზავნა, სადაც ექვსი მოსწავლე სიიდან ამოღებული იყო.

„იყო მასობრივად გადაკეთებული და გადაფხეკილი ნიშნები. შესაძლოა მასწავლებელს შეშლოდა, თუმცა ჟურნალის ბოლო გვერდზე, შენიშვნების ადგილზე დროულად უნდა გადაეტანა”, – განაცხადა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა ლეჟავამ.

ოქროს მედლების საქმეში მესამე პირად განათლების სამინისტრო იყო ჩართული. „ვინ მიიღებს ოქროს მედალს, ამას არა სამინისტრო, არამედ სკოლა წყვეტს. დირექტორს სამინისტროს რეკომენდაციის უგულვებელყოფა შეეძლო“, – განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მარეხი მაღრაძე.

სასამართლომ ის 11 პედაგოგი დაკითხა, რომლებსაც მოსწავლეების შედეგების დათვლისას, შეფასების ჟურნალში შეცდომები აქვთ დაშვებუილი. ყველა მათგანი ამბობს, რომ მექანიკური ხარვეზები მართლაც დაუშვეს, თუმცა ეს მედალოსანთა სიიდან საუკეთესო მოსწავლეების ამოღების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.

„საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ. ეროვნულ გამოცდებზე გრანტი მიიღეს. მასწავლებლებს შეგვეშალა, მაგრამ ახსნა–განმარტება დაწერილი გვქონდა და შენიშვნების გვერდზეც გადატანილი. არც ერთი შეცდომა არ უნდა გამხდარიყო მედლების გარეშე დარჩენის მიზეზი“, – აცხადებს ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელი მაია მექვაბიშვილი.

შეფასების ჟურნალში აღმოჩენილი ხარვეზები მოსწავლეების ბრალი რომ არ არის, ამას აღიარებს სკოლის დირექტორიც. შეცდომების გამო, პედაგოგებმა საყვედური და გაფრთხილება მიღეს.

ლუკა პარუნაშვილისა და რუსუდან მელიქიძის გარდა, ოქროს მედლის გარეშე ახალციხის მუნიციპალიტეტის მეექვსე სკოლის კიდევ ოთხი კურსდამთავრებული დარჩა. დირექტორი აპირებს, რომ მოსარჩელეებთან ერთად ოქროს მედალოსანთა კანდიდატებად ისინიც წარადგინოს.

მოამზადა რუსკა გვარამაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური