GE

სსსმ მოსწავლეებისთვის 2020-2021 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის წესი შეიცვალა

კორონავირუსმა პირვლ კლასში სსსმ პირების ჩარიცხვის წესში დროებითი ცვლილების განხორციელება გამოიწვია.

კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს გარდამავალი დებულება (ბრძანება  №04/ნ) დაემატა, რომლის მიხედვითაც 2020-2021 სასწავლო წელს საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხად დარეგისტრირებული მოსწავლეების ჩარიცხვა მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის გარეშე განხორციელდება.

იმ შემთხვევაში, თუ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ვერ მოხდება შესაბამის ვადებში მოსწავლის სპეციალური საჭიროების დადგენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა, ეს მოსწავლისთვის რეგისტრაციის გაუქმებას არ გამოიწვევს.

აქვე აღსანიშნავია, რომ გარდამავალი დებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის უკვე გაცემულია მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ან გამოცემულია ბრძანება ამ პირთა საჯარო სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე, ან რომლებსაც არ დაუდასტურდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და უარი ეთქვათ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე პირველ კლასში ჩარიცხვაზე.

ჩარიცხული მოსწავლეების შესახებ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ეგზავნება საჯარო სკოლას, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური