„სტუდენტს შეუძლია მიიღოს იგივე კვალიფიკაცია, რომელსაც მიიღებდა უცხო ქვეყნებში სწავლის შემთხვევაში“ – მამუკა თავხელიძე
ორმაგი დიპლომი და უმაღლეს სასწავლებელში თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების უნიკალური შესაძლებლობები – რა სიახლეებია და რას სთავაზობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს და სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წელს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე ესაუბრა.
– 2020-2021 სასწავლო წლებში რომელ პროგრამებზე/მიმართულებებზე აცხადებს მიღებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი?
– ახალ სასწავლო წელს მიღება გვექნება ყველა ტრადიციულ პროგრამაზე, ზოგიერთი სიახლით. ჩვენი მთავარი მიმართულებაა სამართალი, რომელიც ცნობილია მაღალი კლასის აკადემიური პერსონალითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მიღება გამოვაცხადეთ, ასევე, მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამებზე. ეს უკანასკნელი ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოს ახალგაზრდებს შორის. ეს პროგრამა არა მარტო ტექნიკური აღჭურვილობით გამოირჩევა, არამედ ადამიანური რესურსითა და სწავლების ეფექტური მეთოდებით. ამის დასტურია სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა სალიცენზიო გამოცდის შედეგები, რომელიც, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული – ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. ალბათ ამიტომ, სტომატოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი დასაქმებულია თავისი სპეციალობით, ზოგიერთი მათგანი კი, მაგალითად, პროფესორი მარიკა კუბლაშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი ქირურგი-იმპლანტოლოგია ბაზარზე.
სიახლეა მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელზეც ახალ სასწავლო წელს, პირველად გვექნება მიღება. უნდა ითქვას, რომ ეს არის ახალი საგანმანათლებლო სტანდარტით შემუშავებული პროგრამა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად. გამორჩეულია მისი კლინიკური უნარების (სიმულაციური) ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური მულაჟებითა და მანეკენებით. ეს ცენტრი უზრუნველყოფს კლინიკური უნარების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც სტუდენტები სრულად იქნებიან მზად სამუშაო პრაქტიკის დასაწყებად.
პოპულარობით სარგებლობს, აგრეთვე, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, რომლის ორგანულ გაგრძელებადაც უნდა ჩავთვალოთ კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, ისევე, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო პროგრამასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამები გრუნი-ს დიპლომთან ერთად, ევროპული და ამერიკული დიპლომების მიღების შესაძლებლობასაც გულისხმობს.
ასეთივე შესაძლებლობა გვაქვს ბიზნესის პროგრამაზე, თავის განშტოებებით – ტურიზმი, მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ხოლო საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გამოირჩევა ორიგინალურობითა და მაღალი დონის ადამიანური რესურსით, უცხოეთის უნივერსიტეტებთან ღრმა ინტეგრაციის შესაძლებლობით.
– რამდენ სტუდენტს მიიღებს ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი? რა პრივილეგიები და სოციალური პროგრამებია მათთვის გათვალისწინებული?
– უნივერსიტეტმა ოთხ წელზე მეტია, რაც ბათუმში თავისი წარმომადგენლობა გახსნა და წარმატებით ეწევა რეგიონის ახალგაზრდების საგანმანათლებლო მომსახურებას. ბათუმის კამპუსის კონტინგენტის გათვალისწინებით, 2000-მდე სტუდენტის მიღებას ვგეგმავთ. გვაქვს საინტერესო ბონუსები, რომლებიც ავლენს აბიტურიენტთა მოტივაციის დონეს, არჩეული პროგრამისა და უნივერსიტეტის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. აბიტურიენტი, რომელიც პირველ პრიორიტეტად შემოხაზავს ჩვენს უნივერსიტეტს, მას სწავლის გადასახადზე 15% აკლდება. რამდენადაც აბიტურიენტის ამ გადაწყვეტილებით ვლინდება მისი განწყობა უნივერსიტეტის მიმართ, ამ „დისქაუნთით“, ჩვენ ერთგვარ მხარდაჭერას ვუცხადებთ და წავახალისებთ მის სამომავლო სწავლას. გარდა ამისა, აბიტურიენტები, რომლებიც 2000-ზე მეტ ქულას დააგროვებენ და მოხვდებიან ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველ ათეულში – დაფინანსდებიან უნივერსიტეტის შიდა გრანტით. შეღავათები აქვს ერთი ოჯახიდან მოსულ სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლისას სტუდენტები, რომლებიც თავს გამოიჩენენ და მაღალ შედეგებს აჩვენებენ, მიღწევების შესაბამისად, 100-70-20%-ით შეუმცირდებათ სწავლის საფასური, რაც, ალბათ, საკმაოდ დიდი სტიმულია. როგორც ხედავთ, ყველა ბონუსი ორიენტირებულია სწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
– აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწავლების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, რა სთავაზობს ამ კუთხით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტებს, რომელი საერთაშორისო პროგრამებით სარგებლობა შეეძლებათ მათ და საზღვარგარეთის რომელ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს ამ ეტაპზე თქვენი უნივერსიტეტი?
– COVID-19-ის პანდემიამ ყველა სახელმწიფო იზოლაციაში მოაქცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი მოვლენაა. ასეც არ იყოს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები საზღვრებს არ ცნობენ. დღეს გლობალურ სამყაროში, შეუძლებელია მხოლოდ საკუთარი უნივერსიტეტის ნაჭუჭში ჩაიკეტოს სტუდენტი და არ გაიფართოოს ცოდნის ჰორიზონტი, მეგობართა წრე, ურთიერთობები და ა.შ.
ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ჩვენ ძალიან ფართო კონტაქტები გვაქვს უცხოელებთან. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ე.წ. ორმაგი დიპლომის პროგრამებია (აშშ და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად), რომელსაც ბიზნესის, საჯარო მმართველობისა და ფსიქოლოგიის პროგრამების ფარგლებში ვახორციელებთ. ერთ-ერთი ასეთი პროექტია მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაც. სტუდენტს შეუძლია წელიწად-ნახევარი ჩვენთან ისწავლოს, ხოლო შემდეგ, ერთი სემესტრით, გაემგზავროს პარიზში, ჩვენ პარტნიორ უნივერსიტეტში, მიიღოს გრუნი-ს და ამ უნივერსიტეტის დიპლომი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის პროფილით (არჩევით). აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში სტუდენტი ინგლისურად სწავლობს.
ეს ყველაფერი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად. ფაქტობრივად, სტუდენტს, მცირე ფინანსური დანახარჯებით, შეუძლია, ოჯახთან დიდი ხნით განშორების გარეშე, მიიღოს იგივე კვალიფიკაცია, რომელსაც მიიღებდა ამ ქვეყნებში სრული კურსის გავლის შემთხვევაში, ხოლო უცხოეთში სწავლა და 4 წლით ცხოვრება რა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული – კარგად მოგეხსენებათ.
გარდა ამისა, ვახორციელებთ გაცვლით პროგრამებს უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ისე „ერაზმუს მუნდუსის“ პროექტის ფარგლებში. გამოვყოფდი, ორმხრივ მრავალწლიან ურთიერთობას საფრანგეთის უნივერსიტეტებთან, სამართლის, საჯარო მმართველობისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. სტუდენტები ერთი სემესტრით ან ერთი წლით ინგლისურ ენაზე სწავლობენ ამ უნივერსიტეტებში, აგროვებენ კრედიტებს, რომლებსაც უნივერსიტეტი აღიარებს და აისახება მათ დიპლომებში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გაცვლითი პროგრამები არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი სტუდენტების გაგზავნას უცხოეთში – იქიდანაც ჩამოდიან სტუდენტები (პოლონეთი, გერმანია, უზბეკეთი) და კმაყოფილებიც ბრუნდებიან.
– თანამედროვე რეალობაში უმნიშვნელოვანესია უმაღლეს სასწავლებელში თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ერთიანი სისტემის არსებობა. როგორაა ეს საკითხი გადაწყვეტილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში?
თეორიისა და პრაქტიკის შერწყმის იდეა უნივერსიტეტის კონცეფციაში თავიდანვე, 1992 წლიდან ჩაიდო. ამ მიზნით სასწავლო პროცესში დაინერგა სიმულაციური სწავლების მეთოდები. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენთან დაიწყო ამ მეთოდების ინტენსიური გამოყენება. ამისათვის შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სტომატოლოგიური პროგრამისთვის შევქმენით საფანტომო კლასი, სადაც სტუდენტს ყველა სახის სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარება შეეძლო (ეს კლასი, დღეისათვის, უახლესი ტექნიკითა არის აღჭურვილი). წარმოიდგინეთ, სტუდენტს, რომელიც ამ ფანტომზე (ანუ თოჯინაზე) იმუშავებს და ჩამოუყალიბდება საჭირო კლინიკური უნარები, რამდენად გაუადვილდება ადაპტაცია მომავალ სამუშაო გარემოსთან. როგრც წესი, მას სრულად აქვს მოხსნილი ფსიქოლოგიური კომპლექსი და მიღებულ თეორიულ ცოდნას თავისუფლად იყენებს რეალური პაციენტის მკურნალობის დროს, მით უმეტეს, უნივერსიტეტს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა აქვს და სტუდენტები არ არიან შეზღუდულნი დროში.
ასეთივე ბაზა გვაქვს სამართლის პროგრამისთვის. აქაც პირველები ვიყავით, როდესაც პროგრამაში შემოვიტანეთ სასწავლო დისციპლინა „სასამართლოს მოდელირება“. ის გულისხმობს მოდელირებული სასამართლო პროცესების მომზადებას და ჩატარებას უზენაესი სასამართლოს დარბაზებში (ხელშეკრულების თანახმად). სამართლის სკოლას ემსახურება, აგრეთვე, კრიმინალისტიკის სწავლებისა და სასამართლო მეცნიერებების უნიკალური ცენტრი (ლაბორატორია), სადაც სტუდენტები ეუფლებიან საგამოძიებო საქმეს. რეალურად, დღეს მხოლოდ ჩვენი სამართლის სკოლა მუშაობს ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებიც. უნივერსიტეტი თანამშრომლობს რადიო საქართველოს ხმისა და TV 24-ის კოპანიებთან, სადაც სტუდენტები თავად ამზადებენ გადაცემებს, არიან წამყვანები და აკეთებენ სიუჟეტებს. სტუდენტები რეალურად გადიან ეთერში და თავად აფასებენ საკუთარი თავს. უნდა ითქვას ისიც, რომ კარგ ჟურნალისტურ პრაქტიკას იღებენ სტუდენტები სატელევიზიო – შემოქმედებით სახელოსნოში, სადაც ყალიბდებიან კვალიფიციურ ჟურნალისტ-ანალიტიკოსებად, ტელერეჟისორებად, მემონტაჟეებად, ოპერატორებად. ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ამ სახელოსნოს კურსდამთავრებულებს, რომლებიც დღეს წამყვან ტელეკომპანიებში მუშაობენ.
– რა პროგრამები ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით?
– ჩვენ დოქტორანტურის რამდენიმე პროგრამა გვაქვს. ახლახან სამართლის სადოქტორო პროგრამის რეაკრედიტაცია გავიარეთ. უნდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და აკრედიტაციის საბჭოს, რომელმაც ობიექტურად შეაფასა ჩვენი პროგრამა და სრული აკრედიტაცია მოგვანიჭა სტანდარტული 7 წლის ვადით. ჩვენი სადოქტორო პროგრამები არის უნიკალური, სრულად აკმაყოფილებს ბოლონიის პროცესის ყველა მოთხოვნას. სტუდენტები ამთავრებენ რა ჩვენს სადოქტორო პროგრამებს, უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები არიან.
როგორ ვუწყობთ ხელს? – გვაქვს სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „აკადემიური მაცნე“, სამეცნიერო ჟურნალი „კრიმინოლოგი“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად გამოვცემთ „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალს“, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი ნაშრომები გამოაქვეყნონ. ამავე დროს, გვაქვს რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალთან კონტრაქტი, სადაც სტუდენტების სტატიები ქვეყნდება. ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით ყოველწლიურად ვატარებთ ევრაზიის მულტიდისციპლინურ სამეცნიერო ფორუმს. მაგალითად, შარშან ეს ღონისძიება ბათუმის კამპუსში ჩავატარეთ. ფორუმზე არაერთი ქვეყნის მეცნიერი იყო ჩამოსული. ასეთი ფორუმები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა წარადგინონ თავიანთი ნაშრომები ფართო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე, განავითარონ სამეცნიერო კვლევისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარები, დაამყარონ კონტაქტები ცნობილ და ახალგაზრდა კოლეგებთან და ა.შ.
სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული წევრი, რაც თანამშრომლობის ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია დავასახელო, ბიზნესის სკოლის დოქტორანტი თამარ ხახიშვილი, რომელსაც ჰყავს ორი მეცნიერ-ხელმძღვანელი – ქართველი და უცხოელი პროფესორი. ორი წლის წინ თამარმა ჰარვარდში თავისი სადისერტაციო კვლევის ნაწილი წარადგინა და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. ასე რომ, ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებს სერიოზული ხელშეწყობა აქვთ უნივერსიტეტისგან.
– რა ღონისძიებებს ახორციელებს უნივერსიტეტი საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების კუთხით?
– ჩემი აზრით, უნივერსიტეტის და, ვთქვათ, სუპერმარკეტის „პრომოუშენი“ ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს. არ შეიძლება უნივერსიტეტი, რეკლამირების დროს, აპელირებას აკეთებდეს ფინანსებზე. ზოგჯერ სასაცილო მდგომარეობაც კი იქმნება ასეთი რეკლამებით (თავს შევიკავებ დაზუსტებისგან), როცა უნივერსიტეტი აპელირებს ფინანსებზე და ამით ცდილობს მიიზიდოს სტუდენტი, მგონი, დაფიქრებაა საჭირო არჩევანის გაკეთების დროს…
ცხადია, უნივერსიტეტი ხელს უნდა უწყობდეს თავის სტუდენტებს. ამ ხელშეწყობის ფარგლებში, გასულ წელს ასობით ათასი ლარის შეღავათი მიეცა ჩვენ სტუდენტებს, მაგრამ ამას არ ვიყენებთ ბაზარზე პოზიციონირებისთვის. ჩვენთვის მთავარია მაღალხარისხიანი სწავლისათვის მოვამზადოთ აბიტურიენტი, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ერთიანი ინსტიტუციური სისტემა ე.წ. TEEN ACADEMY-ის სახით. ის გულისხმობს ამ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, სკოლის მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობის დამყარებას. მათ აქვთ საშუალება მოვიდნენ ჩვენს უნივერსიტეტში, მოისმინონ საინტერესო ლექციები, ჩაებან მათთვის საინტერესო ღონისძიებებში და ამით ბონუსებიც კი მიიღონ, რაც მთავარია, დარწმუნდნენ პროფესიის არჩევის სისწორეში.
– რას ურჩევთ აბიტურიენტებს – რომელ საგანმანათლებლო პროგრამებზე/მიმართულებაზე გააკეთონ არჩევანი და პასუხობს თუ არა ეს პროგრამები თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს?
– სხვადასხვა კვლევით დადგენილია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტად დასაქმებულნი არიან ფინანსისტები, იურისტები, სტომატოლოგები და ოფთალმოლოგები. ბოლო დროს ფსიქოლოგებზეც გაიზარდა მოთხოვნა. თუ საქართველოს სინამდვილეს შევხედავთ – ნამდვილად არის სახელმწიფო სამსახურებსა და მედიასივრცეში კარიერის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალი კვალიფიკაციით, დამსაქმებლის მოთხოვნებთან შეუსაბამო ცოდნით, შეუძლებელი იქნება ბაზარზე თავის დამკვიდრება. ასე რომ, აბიტურიენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რომელ პროფესიასთან იქნებიან ასოცირებულნი მომავალში და, აქედან გამომდინარე, რომელ უნივერსიტეტს მიანდობენ საკუთარი კარიერის განვითარებას.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი