სტუდენტური სესხი არ არსებობს! – რატომ გვატყუებენ ბანკები?
რა ხერხს მიმართოს სტუდენტმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში სახელწმიფო დაფინანსებას ვერ მოიპოვებს? ეს არის კითხვა, რომელიც ბევრ სტუდენტს და მის ოჯახს აწუხებს. ამ მხრივ, უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს ვერანაირ დახმარებას სთავაზობენ. სამაგიეროდ, აქტიურობენ ბანკები. ბოლო წლებში ბანკები სტუდენტური სესხის რეკლამირებით მომხმარებლის მიზიდვას ცდილობენ. თუმცა, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ბევრი მათი პირობებით სარგებლობაზე უარს ამბობს.
‘’ჩემი სწავლის გადასახადს ოჯახი გადაიხდის. ანალოგიურად, ჩემი მეგობრების გადასახადს მათ ოჯახი დაუფარავს. თუმცა, სტუდენტური სესხის არსებობაც ურიგო არ არის, რადგან ჩემსავით ყველას შეიძლება არ ჰქონდეს ერთბაშად ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა. სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან სწავლა იაფია, მაგრამ ჩვენთვის აქაური ფასები მაინც მაღალია. კარგი იქნება თუ ბანკები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და სტუდენტებს მეტ შეღავათებს შესთავაზებენ.’’ – გვითხრა ნიკოლოზ მოდებაძემ.
ეროვნულ გამოცდებთან ერთად აქტუალურია სწავლის დაფინანსების საკითხიც. მათ, ვინც სახელმწიფო დაფინანსებას სრულად ვერ მოიპოვებენ ბანკები სტუდენტურ სესხებს სთავაზობენ. თუმცა, საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთით.
Edu.aris.ge დაინტერესდა რა პირობებს სთავაზობენ ბანკები სტუდენტებს, აქვს თუ არა უნივერსიტეტებს სტუდენტების დაფინანსების პროექტები.
საზღვარგარეთის ქვეყნებისგან განსხავავებით, საქართველოში სტუდენტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მის მიერ გამომუშავებული ფულით არათუ სწავლის საფასური, არამედ ბინის ქირა გადაიხადოს. ამიტომ, მთავარი ფინანსური დარტყმა კვლავ მშობლის ჯიბეს ადგება.
საქმე გაცილებით მარტივად იქნებოდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით ესარგებლათ. მაგალითად, გერმანიის, სადაც სტუდენტს საბანკო სესხით სარგებლობა შეუძლია, გადახდა კი დასაქმების შემთხვევაში შეეძლება.
‘’გერმანიაში უცხოელ სტუდენტებზე შეღავათი არ ვრცელდება. თუ არ ჩავთვლით უნივერსიტეტის სტიპენდიებს, რომელიც საკმაოდ მაღალია. მე პირადად, ბევრჯერ მისარგებლია ამ სტიპენდიით. რაც შეეხება გერმანელ სტუდენტებს, მათზე ბანკები სტუდენტურ სესხს გასცემენ. სესხის დაფარვა კი დასაქმების შემთხვეაში შეუძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს კურსდამთავრებული იმავე წელს დაიწყებს მუშაობას თუ ათი წლის შემდეგ. ეს ნამდვილად კარგი პრაქტიკაა. თუმცა, თუ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ამ მდგომარეობის მისაღწევად საქართველოს ძალიან ბევრი შრომა დასჭირდება’’ – გვითხრა გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კურსადამთავრებულმა ქეთი ელიავამ.
თუ რა პირობებს სთავაზობენ ბანკები სწავლის მსურველებს, ამის გასაგებად რამდენიმი მსხვილ ბანკს დავუკავშირდით. ბანკების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით, ამიტომ, მათ მიერ შემოთავაზებული პირობებიც განსხვავებულია. აღმოჩნდა, რომ ე.წ. ‘’სტუდენტური სესხების’’ მიღმა ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი იგულისხმება. შესაბამისად, ბანკი სტუდენტს არანაირ შეღავათს არ სთავაზობს. ამიტომ, სწავლის საფასურის დაფარვა ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხის პირობებით მოუწევს.
ასე მაგალითად, საქართველოს ბანკში სწავლის დაფინანსებისთვის საჭირო თანხის მისაღებად, საჭიროა მსესხებლის (დედის, მამის, ბებიას, და-ძმის) შემოსავალი თვეში მინიმუმ 200 ლარს შეადგენდეს. წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 20%-ია. თანხა 1 წლის სწავლისთვის გაიცემა. თიბისი ბანკში ანალოგიურსი სესხის მისაღებად შემოსავლის მინიმალური ოდენობა 450 ლარს უნდა შეადგენდეს. წლიური საპროცენტო განაკვეთი 17%-ია. ლიბერთი ბანკში წლიური განაკვეთი 14%-ს შეადგენს, შემოსავლის მინიმალური რაოდენობა 400-500 ლარს უნდა შეადგენდეს. რაც შეეხება პროკრედიტ ბანკს, როგორც ბანკში გვითხრეს, სტუდენტური სესხი მხოლოდ ‘’აისეტის’’ სკოლის მოსწავლეებს გაიცემა, ხოლო უმაღლესში სწავლის დაფინანსების მსურველს ბანკი ჩვეულებრივ, სამომხმარებლო სესხის პირობებს სთავაზობს. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მსესხებელს ხელფასი პროკრედიტ ბანკში ერიცხებოდის.
მას შემდეგ, რაც ბანკების პირობები გავარკვიეთ, სხვადასხვა უნივერსიტეტებს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა სტუდენტებს სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების შესამსუბუქებლად ვერაფრით ეხმარება.
დაფინანსების მხრივ სიახლეა თავისუფალი უნივერსიტეტში: თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე, სტუდენტი მიიღებს ცოდნის ფონდის 12 000 ლარიან სასწავლო გრანტს, რომელიც სტუდენტის მიერ ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 3000 ლარით შეამცირებს. დარჩენილ თანხას სტანდარტულად გადაიხდის. ასევე, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს გარდამავალი დაფინანსება: ‘’ისწავლე დღეს -ასწავლე ხვალ’’, რაც გულისმხობს, რომ სტუდენტი 4 წლის განმავლობაში სწავლის საფასურს არ გადაიხდის. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი, მომდევნო 4 წლის მანძილზე მომავალი თაობის სტუდენტების სწავლას დააფინანსებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ პროგრემით უკვე 423 სტუდენტი სარგებლობს.
რაც შეეხება აგრარულ უნივერსიტეტს, სადაც სწავლის საფასური 2 450 ლარს შეადგენს , სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.
‘’გრანტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს 200 ლარი რჩება. თუ ბავშვი მართლა ნიჭიერია, უნივერსიტეტიც ეხმარება, გვაქვს შიდა დასაქმება. წელს, ედისონის ლიგა ჩავატარეთ, რომელშიც 60 ბავშვი მონაწილეობდა. ორი კონკურსი გვქონდა სამ ტურად. პირველში გამარჯვებული 400 ლარს მიიღებს ანუ წელიწადში 100 ლარი, მეორეზე- 800 ლარის, მესამეზე 1 200 ლარი. ეს დაფინანსება აგრომიმართულების და ინჟინერიის 4 მიმართულებისთვის არის გათვალისწინებული. ამ ლიგაში გამარჯვებუი ბავშვები ეროვნული გამოცდების შემდეგ აგრარულ უნივერსიტეტში თუ ჩაირიცხებიან, მაშინ ამ დაფინანსებას მიიღებენ,’’- გვითხრა აგრუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანი კვანჭილაშვილმა.
რაც შეეხება ილიაუნს, სტუდენტური სერვის ცენტრის ხელმძღვანელის გიროგი ჩანტლაძის თქმით, დაფინანსების პროექტები არ აქვთ. ასევე, მსგავსი დაფინანსება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც არ გააჩნია.
განათლების და მეცნიერების მინისტრის კანდიდატის თამარ სანიკიძის თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა სახელმწიფომ და 17 ფაკულტეტი სახელმწიფის მიერ დაფინანსდება. სანიკიძის თქმით, ამ ფაკულტეტებზე ხარისხიანი სწავლება იქნება.
პროფესორი, სოციოლოგი, ამირან ბერძენიშვილი სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტებისთვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ამ კუთხით ქმედით ნაბიჯებს არ განახორციელებს, საბოლოო ჯამში ქვეყანა არასასურველ შედეგებს მოიმკის.
‘’ბანკებმა სტუდენტებზე უპროცენტო სესხი უნდა გასცენ, მით უმეტეს საქართველოში. ძალიან მძიმე სიტუაციაა. მეზობელი ქვეყნების საკრედიტო პირობებს თუ შევხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენთან მძარცველი სისტემაა. ძლიერი ბანკი კარგია, მაგრამ უნდა დაეხმაროს ნიჭიერს, ახალგაზრდა ბიზნესმენს. საქართველოში არსებული საბანკო სესხებით სტუდენტი ვერ ისწავლის. ადამიანი, რომელიც სტუდენტს არ ეხმარება ის ქველმოქმედად არ მიმაჩნია. დიდი სარაჯიშვილი რომ არ ყოფილიყო, საქართველოში უნივერსიტეტი არ გვექნებოდა. მან უამრავ ახალგაზრდას განათლება დასავლეთში მიაღებინა. სტუდენტი ყველას მხრიდან წახალისებული უნდა იყოს, იქნება ეს სახელწმიფო, ბიზნესმენები თუ შემოწირულობები. ჩვენთან ძალიან მდიდრები ან ძალიან ღარიბები არიან. მე მყავს ნიჭიერი სტუდენტები, რითაც შემიძლია დავეხმარო, ესაა ‘’ქსეროქსების’’ ფული მივცე და იმისიც რცხვენიათ. 21-ე საუკუნე ინფორმაციულია, სადაც წარმატებას ნავთობი კი არა ცოდნა და ინტელექტი განაპირობებს. კატასტროფული მდგომარეობაა სკოლებში, ასევე, მძიმე სიტუაციაა უმაღლესებში, თუ ამის გამოსწორებას სახელმწიფო ხელს არ შეუწყობს ცუდ შედეგებს მივიღებთ. ასეთ შემთხვევასი საქართველო მეათე ხარისხოვანი ქვეყანა გახდება და ქართველი სხვის ხელზე მომუშავედ იქცევა, მოსამსახურეს კი განათლება არ სჭირდება. რეალურად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.’’ – გვითხრა ბერძენიშვილმა.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება