თამარ მახარაშვილმა მსჯავრდებულის განათლების ბრძანებაზე ხელი მოაწერა და ციფრული სწავლების პლატფორმა ამუშავდა?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში, თამარ მახარაშვილმა 2022 წლის 6 სექტემბერს აი ასეთ ბრძანებაზე მოაწერა ხელი – „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც გამოქვეყნების დღიდანვე ამოქმედდა.
ამ ბრძანებით, რომელიც მსგავს ძველ ბრძანებას აუქმებს, ერთი შეხედვით ირკვევა, რომ მსჯავრდებულები უკვე ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურაზე სწავლას შეძლებენ.
აკადემიური პერსონალის კონტაქტი მსჯავრდებულთან „პირდაპირი ტელეხიდის გზით“ ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ, ახალ ბრძანებაში ციფრული სწავლების მეთოდებზე უკვე მთელი თავია გამოყოფილი:
„ციფრული სწავლების ფარგლებში სტუდენტი მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღება ხორციელდება ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით“.
შეიცვალა სწავლის სფეროების ჩამონათვალიც, რომელზეც მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით. როგორც ჩანს, ანთროპოლოგიას და მარკეტინგს ახლა ვეღარ ისწავლიან, მაგრამ იაპონური ფილოლოგიისა და სინოლოგიის არჩევას მსჯავრდებულები თავისუფლად შეძლებენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამოაქვეყნა.
განათლების სამინისტროსგან ახალ ფერში გადაღებილი ძველი ამბები გვინახავს.
ახალი რაღაცა გააკეთეს და არ აცხადებენ?
EDU.ARIS.GE-მ კომენტარებზე განათლების სამინისტროს მიმართა. თამარ მახარაშვილი, სამინისტროში სამუშაოს დაწყებამდე, ლაპარაკის უფლების მქონე რესპონდენტების სიაში გვყავდა, ახლა კი უკვე დიდი ხანია, პატარა სტადიონზე დასატევი სამინისტროს პრ-თანამშრომლებში დაიკარგა. თანამშრომლებიც დაიკარგნენ…
შემდეგ კი, კომენტარებისთვის ჩვენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ, რადგან ბრძანებაზე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც აწერს ხელს. იუსტიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ქვემდებარე უწყების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა.
იქედან კი, აი ასეთი სასწაული პასუხი მივიღეთ:
„პროექტი როგორც კი მომზადდება საზოგადოებისთვის მისაწოდებლად, აუცილებლად მოგაწვდით და გაგიზიარებთ“.
როგორც ჩანს, მეფე ისევ შიშველია.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება