თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობა ცხადდება
ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.
რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად). მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე 7 ივლისს გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.
სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები – 2020 წლის 7 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია მობილობის შესახებ:
– ვის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ რიგგარეშე მობილობაში?
ა) შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს,ასევე სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებს, თუ სტატუსის შეწყვეტიდან არ არის გასული თორმეტ თვეზე მეტი.
ბ) აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტაში და დღემდე არ მიუმართავთ ჩარიცხვის მოთხოვნით;
– რა ეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა რიგგარეშე მობილობის განხორციელებისათვის?
- გაეცნოს ვაკანტურ ადგილებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
- მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და გააკეთოს წერილობითი განაცხადი რიგგარეშე მობილობაზე;
- მშობლიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარადგინოს პირადი საქმის ასლები (სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა ბრძანება; წინა საფეხურის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), მის მიერ გავლილი საგნების შესახებ ინფორმაცია);
- გაეცნოს მიმღები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა ან განაცხადოს უარი მიმღები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე.
– აქვს თუ არა რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტებს, რომელთაც არ გაუვლიათ სწავლების ერთი წელი?
სტუდენტებს რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.
– უნდა გადაიხადოს თუ არა რიგგარეშე მობილობაში მონაწილე სტუდენტმა მობილობის საფასური?
რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე სტუდენტები თავისუფლდებიან მობილობის საფასურის გადახდისაგან.
– სად და როდის შეუძლია სტუდენტს ნახოს რიგგარეშე მობილობის შედეგი?
რიგგარეშე მობილობის შედეგების თაობაზე სტუდენტი ინფორმაციას მიიღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
– როგორ ხდება მიმღები დაწესებულების მიერ კრედიტების აღიარება?
კრედიტების აღიარება ხორციელდება სტუდენტის მიერ წარდგენილი პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მობილობის მსურველის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
მნიშვნელოვანია! – სტუდენტი უნდა გაეცნოს მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას, რათა იმოქმედოს საკუთარი ინტერესის შესაბამისად და წერილობით დაადასტუროს უარი ან თანხმობა აღიარებული კრედიტების თაობაზე.
– როდის ითვლება სტუდენტი მობილობით გადასულად მიმღებ დაწესებულებაში?
სტუდენტი მობილობით გადასულად ითვლება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.
– როგორ შეუძლია სტუდენტს უარი განაცხადოს რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვაზე?
თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.
შეგახსენებთ, შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2019 წლის 20 დეკემბერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს გაუუქმდა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება