GE

ტრენინგები და გასართობი აქტივობები ღია სივრცეში დასაშვები ხდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრენინგების, კონფერენციების და გასართობი ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან მოხსნილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ორგანიზატორები ღია სივრცეში ჩაატარებენ.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა, რომლის თანახმადაც განსაზღვრულია ტრენინგების, კონფერენციების ჩატარების პირობები. დოკუმენტის ახალ რედაქციაში ასევე საუბარია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ.

„ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით, გარდა ღია სივრცეში ჩასატარებელი ტრენინგებისა და სემინარებისა“, – ვკითხულობთ დოკუმენტის ტექსტში.

რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, ამ შემთხვევში აღნიშნულია, რომ ისინი საქმიანობას მხოლოდ სპეციალური ინსპექტირების გავლის შემდეგ შეუდგებიან.

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ტრენინგცენტრების საქმიანობა დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ღია სივრცეში არსებულ გასართობ აქტივობებზე.

დოკუმენტის თანახმად კვლავ ძალაში რჩება ნორმა, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეზღუდვას ითვალისწინებს. „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური