თუ აკადემიური წელიწადი გამოცხადდება, სკოლები პირველკლასელებს ვეღარ მიიღებენ – გენადი მარგველაშვილი
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი კომიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიურად გამოცხადებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტის სესიაზე ისაუბრა, სადაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაზე მსჯელობენ.
კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული ნაბიჯები ონლაინ სწავლებასთან და ტელესკოლასთან დაკავშირებით, არსებულ სიტუაციაში საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნები განხორციელდეს.
„სასწავლო პროცესი გრძელდება, ის ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რაც აზრს უკარგავს მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების იდეას. ეროვნული სასწავლო გეგმა იმდენად მოქნილია თავის იდეით, რომ შესაძლებელი გახდება ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების ჩართვა სასწავლო პროცესში. არსებობენ ისეთი მოსწავლეები, როლებსაც არ აქვთ წვდომა ონლაინ გაკვეთილებზე და ტელევიზიაც არ აქვთ. ამ შემთხვევაში, მოვუწოდებდი სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, განათლების სამინისტროს, მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება ასეთი ბავშვებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გაძლიერებას, რომ ისინი სასწავლო პროცესში ჩართულები იყვნენ“, – აცხადებს გენადი მარგველაშვილი.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე წელი აკადემიურად გამოცხადდება, არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურა გაზრდილ დატვირთვას ვერ გაუძლებს და სკოლებს პირველკლასელთა მიღებაზე უარის თქმა მოუწევთ.
„რომ წარმოვიდგინოთ უბრალოდ, რომ გამოვაცხადოთ აკადემიური წელიწადი, რასაც ჩვენი კომიტეტი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. რა შეიძლება ამას მოყვეს გაისისთვის? პანდემიიდან გამომდინარე, არავინ არ იცის ორი-სამი თვის შემდეგ როგორ გაგრძელდება მოვლენები, იმ შემთხვევაში, თუ სკოლების ინფრასტრუქტურაში გვეყოლება იგივე საზოგადოება, უბრალოდ ვეღარ მოვახერხებთ პირველკლასელების რეგისტრაციის დადასტურებასაც კი. უბრალოდ სკოლებში ადგილი არ იქნება იმისთვის, რომ პირველკლასელები მიიღოს“, – ამბობს გენადი მარგველაშვილი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება