უცხო ქვეყნების უმაღლესებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 1 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება გამოცდაში მონაწილეობის მიღების შესახებ. განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე.მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია თან ერთვოდეს:
გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით –ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge -ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვა), რომელიც ცენტრის მხრიდან საჭიროებს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას და შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) წარმოადგინოს ცენტრში 25 აგვისტოს 18:00 საათამდე.
პირებმა, რომელთაც ამ ბრძანებით განსაზღვრული გამოცდის დროს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნის საჭიროება/სპეციალური საჭიროება წარმოეშვათ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ და სურთ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნა, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სპეციალური საჭიროების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი მოთხოვნა და სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) რაიმე/შესაბამისი ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. გამოცდის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ცენტრი გამოაქვეყნებს:
ა) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა;
ბ) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა.
გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხ. ბმულზე.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება