უცხოელი სტუდენტები 8 დღის ნაცვლად 12–დღიან კარანტინს გაივლიან
იზოლაციისა და კარანტინი წესში, პრემიერის ბრძანებით, ცვლილება შევიდა. ბრძანებით განსაზღვრული ცვლილება კვლავ უცხოელ სტუდენტებს შეეხება.
კერძოდ პრემიერ-მინისტრის დადგენილებით უცხოელი სტუდენტები 8 დღის ნაცვლად საკარანტინე სივრცეებში 12 დღე განთავსდებიან. ამასთან მათ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას თან უნდა ჰქონდეთ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რაც სავალდებულოა.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, 12-დღიანი კარანტინის ხარჯებიც უცხოელმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ, ასევე 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
„უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – წერია დადგენილებაში.
EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დროისთვის 12 972 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტი ირიცხება.
ამასთან, უკვე ამოქმედდა ბრძანება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი