„უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული სწავლების დაშვებაზე ვმსჯელობთ” – მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული საქმიანობის, ლაბორატორიულ კვლევების დაშვებაზე მსჯელობს. საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის სტადიაშია და კონკრეტული გადაწყვეტილებები თუ სად, როგორ და როგორი წესების დაცვით აღდგება პრაქტიკული სწავლება, ჯერ ცნობილი არ არის.
„სოციალური ცხოვრების წესი ჩვენს ქვეყანაში განსხვავებულია, ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებში. ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად ერთ ოჯახში, ფაქტობრივად თაობები ცხოვრობენ, სკოლაში თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ დღეს ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს და განათლება სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვება, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან – მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს შეზღუდვები დაკავშირებულია ისევ და ისევ ჯანმრთელობისთვის საფრთხეების არიდებასთან, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან, მაგრამ ეს დღის წესრიგში დგას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმსჯელობთ”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
ნიშნავს თუ არა მთავრობის წარმომადგენლის ეს განცხადება, რომ სასწავლო პროცესი არც უმაღლესებში განახლდება სექტემბრამდე, ძნელი სათქმელია, რადგან პრემიერის დაანონსებული პრეზენტაცია განათლების თემაზე ჯერაც არ გამართულა.
რაც შეეხება პრაქტიკული სწავლების თემას, რადგან საკითხი ამ ეტაპზე მსჯელობის საგანია, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული საქმიანობის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ისტორიის სწავლების „ახალი“ პოლიტიკა სკოლაში – რისკები და გამოწვევები by განათლებული ბლოგი
-
აჭარის მუნიციპალიტეტებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – სწავლის განახლების თარიღი by ARIS.GE-განათლება
-
საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8 მარტს დაიწყება – სასწავლო პროცესის განახლების თარიღი by ამბები ზოგადი განათლებიდან