უნივერსიტეტების სამედიცინო პროგრამებზე 6-წლიანი სწავლების კრედიტების მოცულობა დაზუსტდა
განათლების მინისტრმა „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც დაზუსტდა დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე სტუდენტთა წლიური დატვირთვის ოდენობა. (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №115/ნ )
„დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული ხანგრძლივობის, მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა მოიცავს 60 (ECTS) კრედიტს. სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით შეიძლება სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა განისაზღვროს 60-ზე მეტი კრედიტით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი ხანგრძლივობის ფარგლებში 60-ს ზევით დამატებული კრედიტების საერთო რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კრედიტს“, -ვკითხულბთ დოკუმენტში.
უნივერსიტეტების წარმომოადგენლები EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობენ, რომ განხორციელებული ცვლილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მედიცინის დარგობრივი მახასიათებლით დიპლომირებული მედიკოსის პროგრამისთვის განსაზღვრულ სწავლის ხანგრძლივობას, რომელიც 6 წელს შეადგენს.
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით 2018 წელს დამტკიცდა მედიცინის ახალი დარგობრივი მახასიათებელი. აღნიშნულმა დოკუმენტმა მედიცინის პროგრამის სწავლის ხანგრძლივობა 6 წლის ვადით განსაზღვრა. ამასთან, თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას წამყვან მედიცინის სკოლებში სამედიცინო პროგრამის ხანგრძლივობა არის 6 წელი.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის შემდეგ მედიცინის პროგრამის ხანგრძლივობა მკაცრად განისაზღვრა 6 წლის ვადით, ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი“ იძლეოდა წელიწადში 75 კრედიტის დაგროვების შესაძლებლობას, რაც იწვევდა ბუნდოვანებას.
მინისტრის ახალი ბრძანებით კი, უკვე მკაფიოდ განისაზღვრა ყოველწლიური 60-კრედიტიანი დატვირთვა, რაც გულისხმობს 6 წელიწადში 360 კრედიტის დაგროვებას და სწავლის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულებას. ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, სტუდენტს პროგრამაზე სწავლის განმავლობაში (6-წლიანი პერიოდის მანძილზე) 60 კრედიტზე ზემოთ შეუძლია ჯამში მხოლოდ 15 კრედიტის დამატება, რაც არ იწვევს სწავლის 6- წლიანი ვადის შემცირებას.
მინისტრის ბრძანება და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პირდაპირ ავალდებულებს მედიცინის პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესი განახორციელონ 6 წლის (12 სემესტრი) განმავლობაში და მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი 6 (12 სემესტრი) წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მიანიჭონ სტუდენტებს კვალიფიკაცია.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება