GE

„ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას“ – მთავრობა დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და არც საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვაა გადაწყვეტილი.

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარის გარდა, 12 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესს განაახლებენ საბავშო ბაღები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კი (ასევე აჭარის გარდა) სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება სკოლებს, 1-ელი ოქტომბრიდან მათ დიდ ნაწილში, დაწყებით საფეხურზე სწავლა ტრადიციული მეთოდით აღდგა, თუმცა მოსწავლეებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სკოლების ნაწილი კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოში აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით, წერტილოვანი მიდგომებით. ვირუსის დაფიქსირების შემდეგ ეპიდემიოლოგები მიიღებენ გადაწყვეტლებას მაგ. სკოლაში კონკრეტული სართული დაიხურება, თუ მთლიანი შენობა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური