GE

ვაუჩერის გათანაბრება და მასწავლებლის დანამატი – კერძო სკოლების დირექტორები პრემიერისგან დახმარებას ითხოვენ

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სკოლებში გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, საჯარო სკოლების პერსონალი ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებს, თუმცა ამ კუთხით გარკვეულ პრობლემები აქვთ კერო სკოლებს. „საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია“, რომელშიც საქართველოში მოქმედი კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები არიან გაწევრიანებულები, (ორგანიზაციას 700-მდე წევრი ჰყავს) პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

“ბატონო გიორგი, ჩვენ, საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის წევრები მადლობას გიხდით იმ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯებისთვის რასაც საქართველოს მთავრობა დგამს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. თქვენი დავალება ეკონომიკური გუნდის მინისტრების მიმართ- შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისათვის დროული და აუცილებელია.

„ასოციაციას მოგვმართეს თხოვნით საქართველოს სხვადასხვა რაიონის კერძო სკოლის დირექტორებმა, რათა ერთად მოგვეწვდინა ხმა თქვენთვის. ყველანი განვიცდით ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გვესმის თქვენი და ვცდილობთ ბევრ გამოწვევას საკუთარი ძალებით ვებრძოლოთ, თუმცა ასევე გვსურს მოგახსენოთ კერძო სკოლების რთული მდგომარეობის შესახებ.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია ყველა დასაქმებულმა მიიღოს კუთვნილი ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები დახურულია და ძირითადად ახლა ვეუფლებით დისტანციური სწავლების მეთოდებს. მაგრამ გვაქვს გარკვეული შეფერხებები, ვინაიდან კერძო სკოლის შემოსავლების 90% მშობლების მიერ გადახდილ თანხებზეა დამოკიდებული. მშობლებსაც აქვთ ამ კუთხით ფინანსური შეფერხებები, ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა და ვთვლით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაჭრა სასწრაფოდ.

„პირველი პრობლემა მოსწავლის ვაუჩერის გათანაბრებაა. მოგახსენებთ, რომ სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლიდან კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება იყო თანაბარი, თუმცა საჯარო სექტორში დროთა განმავლობაში ვაუჩერის თანხა გაიზარდა, ხოლო კერძო სკოლებს მიზერული დაფინანსება დაუტოვეს (300 ლარი). ვთვლით, რომ ვაუჩერი არის მოსწავლის და სადაც არ უნდა წავიდეს კერძო თუ საჯარო სექტორში, მისი კუთვნილი ვაუჩერი შეუცვლელად უნდა გადაყვეს.

„მეორე პრობლემა მასწავლებლის სტატუსის დანამატია. ვთვლით რომ როგორც საჯარო სკოლის მასწავლებლის სტატუსის დანამატს გასცემს სახელმწიფო, ასევე უნდა გასცეს კერძო სკოლის მასწავლებელზეც. ამის გარდა, გვაქვს ბევრი საკითხი გადასაჭრელი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორი პრობლემით შემოვიფარგლებით. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს დახმარებით, კერძო სკოლის თანამშრომლებიც შეძლებენ მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება და მოგვეცემა საშუალება შევინარჩუნოთ კადრები”, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა განუცხადა, წერილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე უკვე გადაგზავნილია.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური