„ვეფხისტყაოსანი“, დუმბაძის ნაწარმოები და ესე ტექნოლოგიებზე – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს პირველ დღეს
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებით დაიწყო. როგორც გამოცდიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ტესტზე მუშაობა არ გასჭირვებიათ. მათ დღეს ტესტების პირველი ვარიანტი წერეს და დეტალურად გაიხსენეს გამოცდაზე მოსული საკითხებიც:
დიტო ბურდული, ქ. თბილისი 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “გამოცდის დაწყებამდე ყველა ის პროცედურა გავიარეთ, რაც წინასწარ ვიცოდით, არ ცხელოდა და დამკვირვებლები და გარემოც ძალიან მეგობრული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტრესის მოსახსნელად. რაც შეეხება საკითხებს, რედაქტირების ტექსტი ეხებოდა ანტიკურ ხანაში აღმოჩენილ საყურეს და მე მგონი კარგად დავწერე. ესე იყო იმის შესახებ, რომ განვითარებული ტექნოლოგიები ადამიანს ხელს უშლის განვითარებაში. ლიტერატურიდან ერთი იყო ავთანდილის და შერმადინის საუბარი, მეორე იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობა, რომელიც ავირჩიე. მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო კუკური, რომელიც ყიდდა ძროხას, რომ თავის დისთვის სწავლის საფასური გადაეხადა და დახმარებოდა ოჯახს, ანუ ეს საკითხი ვწერე. ზოგადად ძალიან მარტივად მეჩვენა ტესტი და ადრეც დავასრულე.”
ელენე, ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,ესე იყო ასეთ თემაზე – ზღუდავს თუ არა ტექნოლოგიები ადამიანებს. ასევე მოვიდა ნოდარ დუმბაძის “ნუ გააღვიძებ”. “ვეფხისტყაოსანიც” მოვიდა, მაგრამ არ დამიწერია. სხვა მხრივ ნორმალური სიტუაცია იყო, არც ცხელოდა, პირბადეები გამოცდის დაწყებისთანავე მოვიხსენით. კონდიციონერი არ იყო ჩართული, მაგრამ არც საჭირო იყო. საერთოდ არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, პირიქით, შესვლიდანვე ყველაფერი კარგად იყო.
ბექა ჭითანავა, ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,,გვიცავდა ფარი კომპიუტერთან, გვეკეთა პირბადე, რომელიც სურვილისამებრ შეგვეძლო გაგვეკეთებინა ან მოგვეხსნა. რაც შეეხება საკითხებს, “ვეფხისტყაოსნიდან” იყო ნარკვევი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ნაწყვეტი და ესე იყო რამდენად ახდენს გავლენას ტექნოლოგიები ადამიანზე.”
ნატა ირემაძე, ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “რედაქტირება იყო უმარტივესი, ასე მარტივს არ ველოდი. 14 შეცდომა ვიპოვე და ვფიქრობ, ბოლომდე ამოვწურე. თემა იყო “ვეფხისტყაოსანზე” ავთანდილის დახასიათება უნდა დაგვეწერა. არაპროგრამული იყო ნოდარ დუმბაძის “ნუ გააღვიძებ”. ჩემი აზრით მთავარი სათქმელი არ იყო მოცემული, მაგრამ საკმაოდ სალაპარაკო იყო. საერთო ჯამში ძალიან გამიმარტივდა. გაცილებით რთულს ველოდი.”
მარიამ კიკნაძე, ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “როგორსაც ველოდი მსგავსი საკითხები შემხვდა. ესე იყო დასაწერი ტექნოლოგიების განვითარებაზე. დავწერე და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ტექსტის ანალიზი არ მახსოვს ზუსტად რომელი იყო, მაგრამ რაღაც მონაკვეთი იყო და პერსონაჟები უნდა დაგვეხასიათებინა. და გვეპოვა რისი თქმა უნდოდა ამით ავტორს.”
დავით ჩიქოვანი, ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა: ,,თსუ-ში მინდა ჩაბარება, ინფორმატიკის ფაკულტეტზე.ცოტა ვიჩქარე მგონია, მაგრამ ვფიქრობ დაახლოებით 35 ქულას ავიღებ. პირველი ვარიანტი შემხვდა, რაღაც ტექსტი იყო საყურეზე, და გავარედაქტირე, მერე არგუმენტირებული ესე იყო, ისიც შევასრულე და მესამე იყო ნაწყვეტი “ვეფხისტყაოსნიდან”, მართალი გითხრათ, არ მახსოვს ეგ როგორ დავწერე. რაც შეეხება გამოცდაზე არსებულ ვითარებას, დისტანცია იყო დაცული, თუმცა სხვა ბავშვების მოთხოვნით კონდენციონერი გამორთეს და ძალიან ცხელოდა. სუნთქვა შეუძლებელი იყო. გამოცდის დაწყებისას ერთმა დააგვიანა და ყველა მას ველოდებოდი დაახლოებით 15 წუთი. ვნახოთ, რა იქნება, თუ არ იქნა და რა ვქნა, რაც არის, ეგ არის.”
აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თითო სესიად ჩატარდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გასწორებისას გამოცდების ცენტრი ნაშრომებს 6-ვარიანტად დაყოფს ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება