ვის შეუძლია გახდეს სკოლის დირექტორი – რა წერია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში
სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან.
„დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2.1 ამ კანონის 27-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების:
ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა;
ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
2.2 დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება იყოს განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელსაც მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
3)დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
4) დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი.
4.1. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
5)დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6) იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება
დირექტორის არჩევის წესი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში მონაწილეობის საფასური.
სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან დირექტორს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე.
დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.
თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში.
სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ოქმი და არჩეული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი სარეგისტრაციოდ წარედგინება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. დირექტორის უფლებამოსილება წარმოიშობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
სამეურვეო საბჭო არჩეულ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დირექტორის დანიშვნის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრდება სასასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.“
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება