წელს პროფესიული განათლების კოლეჯების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი დაინერგება – მინისტრის მოადგილე
წელს პროფესიული განათლების კოლეჯების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი დაინერგება, რაც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შემუშავებული, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.
გადაცემაში პროფესიული განათლების მნიშვნელობა, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ როგორც არაერთი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს ადამიანური კაპიტალის ათვისების კუთხით და ამ გამოწვევის შერბილებაში პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია.
დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, რა სიახლეებია მოსალოდნელი პროფესიულ კოლეჯებთან დაკავშირებით. განათლების მინისტრის განმარტებით, წელს ავტორიზაციის ახალი სტანდარტი დაინერგება.
„წელს ავტორიზაციის ახალ სტანდარტს ვნერგავთ, რაც საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით არის შემუშავებული, ევროპულ ე.წ. ბენჩმარკებთან [საბაზისო მაჩვენებელი] და სხვადასხვა მახასიათებელთან არის დადარებული. სწორედ ამ სტანდარტის დანერგვა მეტად დაგვაახლოვებს საერთაშორისო კვალიფიკაციებთან და გვაქვს კიდეც ეს ორიენტირი და ამბიცია, რომ წელს ინტენსიურად ვიმუშაოთ ერთობლივ და გაცვლით პროგრამებზე, რათა საერთაშორისო სერთიფიკატები გავცეთ. ესეთი პრეცედენტები უკვე გვაქვს სამშენებლო სფეროში. ე.წ. ბიტეკის [BTEC] სერთიფიკატები გაიცა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში „სისკოს“ [ Cisco] სერთიფიკატები და ა.შ. გვინდა, რაც შეიძლება მეტ პროგრამაზე გავრცელდეს ეს. როცა სისტემის მოდერნიზაციაზე ვსაუბრობთ, სისტემის მთავარი შემთავაზებელი და პროვაიდერი არის კოლეჯი. აქაც ბევრ ცვლილებას ვგეგმავთ. პირველ რიგში ახალ სტანდარტთან მიმართებით გაანალიზდება კოლეჯის სტრუქტურა, მათი მართვის მიდგომები, აუცილებლად გადაიხედება, რომ ამ საერთაშორისო სტანდარტზე მოხდეს მორგება“, – განაცხადა ქიტიაშვილმა.
ქიტიაშვილის თქმითვე, წლის ბოლომდე უნდა დაინერგოს პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების ახალი მოდელიც.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები