„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასწავლებლის სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული“
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ. ამჟამად დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებს პასუხობს.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შალვა პაპუაშვილის კითხვის საპასუხოდ, რომელიც განათლების სისტემური რეფორმის შედეგებს ეხებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ყველას უნდა ესმოდეს ამ რეფორმის გრძელვადიანობა, რომლის ხელშესახები შედეგები მხოლოდ 3-5 წლის შემდეგ გამოჩნდება.
„განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო იმ რეფორმების, რომლებიც დაგვაახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ განათლება მოიცავს ბევრ მიმართულებას და ზეგავლენას ახდენს მაგალითად ეკონომიკურ განვითარებაზეც. როგორ შეიძლება ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაზე საუბარი თუ განათლების სისტემა არ არის მზად ამ გამოწვევებს უპასუხოს? – მარტივი ამოცანაა. ყველას კარგად გვესმის რომ საქართველო სამწუხაროდ არის ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი ქვეყანა. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვიაზრებთ სახელმწიფო-სოციალურ პასუხისმგებლობას იზრუნოს პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომელსაც ეს სჭირდება, მეორეს მხრივ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს სხვა მოქალაქეებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალი იყოს კონკურენტუნარიანი იმ განზომილებაში, სადაც მივისწრაფვით. როდესაც განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის არც ორ და არც სამწლიანი რეფორმა, ეს არის უკიდურესად გრძელვადიანი რეფორმა, რომლის ხელშესახებ შედეგებსაც ჩვენ ვნახავთ 3-5 წლის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, გარკვეული დრო დასჭირდება იმ სფეროების ღირსეულ სახელფასო და სოციალურ უზრუნველყოფასაც, რომლებზეც სახელმწიფო დგას.
“… პოლიცია, ჯარი, ჯანდაცვის სისტემა, მასწავლებელი – ყველა ეს ის მიმართულებაა, რომლებისთვისაც სოციალური თვალსაზრისით, ისევე, როგორც ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ. მოგეხსენებათ, რომ წელსაც გავუზარდეთ ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენლებს ხელფასები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, ვიზეც სახელმწიფო დგას, მათი სახელფასო უზრუნველყოფა და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული და სანამ გახდება ღირსეული, მერწმუნეთ, კიდე გარკვეული დრო დაგვჭირდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი გახარიამ ასევე განათლების სისტემის საფეხურების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„საშუალო განათლება არის ფუნდამენტი, სადაც რეფორმირების მნიშვნელობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – დაწყებული მასწავლებლიდან დამთავრებული ინფრასტრუქტურით, სივრცით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით და ასე შემდგომ. შემდეგია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლება – აქ უნდა გავხსნათ კარები და მაქსიმალურად გამოვიყენოთ პარტნიორების გამოცდილება, ძირითადი მიზანი მარტივი უნდა იყოს – ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების მაქსიმალური თანხვედრა, ხოლო რაც შეეხება უმაღლესი განათლების ნაწილს, უმაღლეს განათლებაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება განათლების ევროპულ სისტემასთან, ეს მოგვცემს პირველ რიგში რესურსების ეკონომიის და მეორე რიგში სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება