GE

„ყველანაირად ვეცდებით, ცვლილებები პედაგოგთა ანაზღაურებას არ შეეხოს“ – გენადი მარგველაშვილი ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის გამო, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლების კორექტირება გახდა აუცილებელი, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 125 მილიონ ლარზე მეტით უნდა შემცირდეს.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, პედაგოგების ნაწილში გაჩნდა კითხვები ხომ არ აისახება ცვლილება მათი ანაზღაურებაზე და ხომ არ შემცირდება ხელფასები.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ყველანაირად შეეცდებიან მსგავსი რამ არ მოხდეს.

„ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის საფრთხე, ყველანაირად ვეცდებით, რომ პედაგოგების ანაზღაურება ამ მიმართულებით არ იყოს ხელშეხებული, პირიქით გეტყვით, რომ ის საგანმანათლებლო პროექტი, როგორიც არის ტელესკოლა, აქაც კი ვცდილობთ რომ იყოს ამ მიმართულებით დაფინანსება“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა „რადიო იმედზე”.

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 125,7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის მიმდინარე ხარჯების ნაწილი შემცირებულია 89,6 მლნ ლარის, ხოლო კაპიტალური ხარჯის ნაწილი 38,1 მლნ ლარის ოდენობით.

რა ძირითადი ძირითადი პროგრამების მიხედვით მცირდება სამინისტროს ბიუჯეტი: სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 20,4 მლნ ლარი; პროფესიული განათლება – 6,3 მლნ ლარი;  უმაღლესი განათლება – 3,0 მლნ ლარით; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 3,9 მლნ ლარით; ინფრასტრუქტურის განვითარება – 17,6 მლნ ლარით; კულტურის დაფინანსება – 20,7 მლნ ლარით; სპორტის დაფინანსება – 53,3 მლნ ლარით;  სხვა დანარჩენი პროგრამები  და ხარჯები – 2,5 მლნ ლარით.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხდა, რომ ძირითადი კლება შეეხო ისეთ ხარჯებს, რომელიც პანდემიიდან გამომოდინარე გახდა არარელევანტური. მისივე თქმით, განათლების სამინისტროსთან მიმართებაში,  მსხვილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რაც იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება, ასევე მცირდება  მივლინებების ხარჯები.

პარლამენტმა მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 26 ივნისამდე უნდა დაამტკიცოს.

განათლების სამინისტროს დაფინანსება 125 მლნ 507,2 ათასი ლარით მცირდება – მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური