GE
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც თბილისში აქვს 11 სასწავლო კორპუსი. 2014 წლის მონაცემებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 252 პროფესორსა და 520 მკვლევარს, 18 ემერიტუს-პროფესორსა და 14 560 სტუდენტს აერთიანებს.
 
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს: 2 სკოლა და 2 ფაკულტეტი; 50-მდე საბაკალავრო და 40-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა; 30-მდე კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი; სასწავლო და სამეცნიერო ბაზები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა; წიგნის სახლი ”ლიგამუსი”; გამომცემლობა და სტამბა; თეატრი; მუსიკის ცენტრი.
 
ფაკულტეტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამების ფართო არჩევანს.
  1. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია. აქ სწავლა საინტერესოა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს: ბუნებრივი მოვლენების შესწავლა; ლიტერატურა, ხელოვნება, თეატრი და მუსიკა; გაერკვეს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში; გაეცნოს უცხო ქვეყნების ისტორიას, ენასა და ტრადიციებს; მომავალში მასწავლებლობა და ახალი თაობის აღზრდაში მონაწილეობის მიღება ან ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რა იზიდავს ყველაზე მეტად, და ფართო განათლების მიღება ურჩევნია.
  2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში პუბლიკაციებით, საქართველოში მეორე ადგილზეა, ხოლო მთელ რიგ მიმართულებებში - პირველ ადგილზე საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. ფაკულტეტს აქვს დიდი მატერიალური ბაზა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევებში და ტექნიკურ მომზადებაში: საველე კვლევითი ბაზები; აბასთუმნის ობსერვატორია; სახელოსნოები; დნმ-ლაბორატორია, სადაც ადამიანის, ცხოველების და მცენარეების გენებს შეისწავლიან; კვლევითი გემი, იწარმოება შავი ზღვის ფაუნის, ფლორისა და გეოლოგიის კვლევები.
  3. ბიზნესის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებში წარმატებული ადმინისტრირების და/ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.  სტუდენტს საშუალება ეძლევა, იმუშაოს თანამედროვე ლაბორატორიებში, მიიღოს მონაწილეობა კვლევებში, გაიაროს პრაქტიკა და სტაჟირება მოწინავე ორგანიზაციებსა და ბანკებში.
  4. სამართლის სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის სამართლებრივი საკითხების გაგების, გაანალიზებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების სწავლებას, რაც ემსახურება თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების მქონე იურისტის მომზადების მიზანს. სტუდენტს მიეწოდება სპეციალური ცოდნა სამართლის რაობის, მეთოდებისა და ისტორიის, საჯარო სამართლის, კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციათა სასწავლო დისციპლინების ფარგლებში. სტუდენტები მონაწილეობენ როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში - გადიან პრაქტიკას (სტაჟირებას) მათი ინტერესების შესაბამისად საჯარო, კერძო და არასამეწარმეო სექტორებში მოქმედ ორგანიზაციებში.
სამეცნიერო ინსტიტუტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც აერთიანებს შემდეგ ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს: ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, ზოოლოგიის ინსტიტუტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, ენტომოლოგიის და ბიოკონტროლის კვლევითი ცენტრი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი, კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა, სოციალური და კულტურის კვლვევების ინსტიტუტი, ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია, მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, ფილოსოფიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, მიკრობების გენეტიკის და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, ბიოფიზიკის ინსტიტუტი, 4D ინსტიტუტი, ჯანდაცვის და დაზღვევის სკოლა, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი.
 
განსაკუთრებული მიღწევები
2014 წლის Ranking Web of World Universities მონაცემებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველ, მსოფლიოს 12000 უნივერსიტეტს შორის - 2204-ე, ხოლო ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში 149-ე ადგილზეა.
2014 წელს პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო რეპოზიტორიების რეიტინგშიც, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს მასშტაბით პირველია, ხოლო - მსოფლიოში 1356-ე ადგილზეა.
 
თანამშრომლობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთი საერთაშორისო ასოციაციისა და ქსელის წევრია. ამავე დროს, მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით ის აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ირლანდიის, შვედეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, უკრაინის, კვიპროსის, თურქეთის, ჩინეთის, ტანზანიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან.
პროექტები
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს და ახორციელებს შემდეგ პროექტებს: სამეცნიერო პიკნიკი, სამეცნიერო კაფე, ბიზნესნკუბატორი, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია  - ”ფაბლაბი ” და კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია - ”გეიმლაბი”.