GE
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.

2008 წლიდან ცენტრი თავის საქმიანობას ორი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს:
  • მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება;
  • კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დამკვიდრებისა და მისი შემდგომი შენარჩუნების მიზნით, ხარისხის საერთაშორისო ISO-ს სტანდარტების მოთხოვნათა მიხედვით, ცენტრში შემუშავდა და დამტკიცდა „საქმიანობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტები.

ხარისხის მართვისა და პროექტების განხორციელების მდგომარეობის შესასწავლად, ჩატარდა გარე აუდიტი, რის შემდეგაც ცენტრს 2008 წელს გადაეცა ხარისხის დამადასტურებელი ISO 9001:2000 სერტიფიკატი, რომელიც რეგისტრირებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის IQNET-SAI GLOBAL-ის მიერ. 2009 წელს ხელახალი საერთაშორისო აუდიტის შედეგად, ცენტრს მიენიჭა ISO 9001:2008 სერტიფიკატი.

პროექტების ინიცირების, დაგეგმვისა და მართვის პროცესში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემები. ცენტრში ფუნქციონირებს კორპორაციული ვებ-პორტალი და საქმიანობის ერთობლივი მართვის საინფორმაციო სისტემა MS SHAREPOINT, რომელშიც ინტეგრირებულია ყველა მიმდინარე პროექტი, დავალება, პროექტების ანგარიშები, შუალედური და კვარტალური ანგარიშები, ცენტრის თანამშრომლებისა და პროექტებში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზები, სიახლეები და სხვ.