GE
24-ე საჯარო სკოლა ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლა, ქალაქის ცენტრში, ბაქოს ქ.1-ში მდებარეობს. აღნიშნულ შენობაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1939-1942 წლებში სამხედრო ჰოსპიტალი, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ, 1955 წლამდე ჭ. ბენდელიანის სახელობის საავიაციო სასწავლებელი არსებობდა. 1942 წელს გერმანიის საელჩოს დღევანდელ შენობაში, არსებული თბილისის მე-7 სკოლა ქალთა მე-13 სკოლად გადაკეთდა, ხოლო 1952 წელს ვაჟთა და ქალთა მე-13 სკოლების შეერთებით შეიქმნა 24-ე საშუალო სკოლა, რომელიც 1956 წლამდე იმავე შენობაში (გერმანიის საელჩოს დღევანდელ შენობაში) ფუნქციონირებდა.

1956 წლიდან გაზრდილი მოთხოვნებისა და კონტინგენტის გამო სკოლის დღევანდელი შენობა გადაეცა. მოგვიანებით შენობას დაემატა ახალი ფლიგელი და სააქტო დარბაზი. სკოლა წლების მანძილზე ატარებდა ჩეხი განმანათლებლის იან ამოს კომენსკის სახელს. ახლო კონტაქტები არსებობდა ჩეხეთის საელჩოსა და ბრატისლავის სკოლასთან. სკოლაში მუშაობდა ჩეხური ენის შემსწავლელი წრე.

სკოლის სკვერში მოქმედებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეკლესია.