განათლების სამინისტრო თსუ–ში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს და სტუდენტებს მიმართავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით ეხმიანება და სტუდენტებს შეხვედრას სთავაზობს.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა შეთანხმება იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომელიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში. შეთანხმება მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
ა. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს
ბ. რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებას
გ. სტუდენტების თვითმმართველობასთან დაკავშირებით, კანონის გარდამავალ დებულებაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც საფუძველს გააჩენდა და განსაზღვრავდა გარკვეულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდა სტუდენტური გაერთიანებების ოპტიმალური მოდელი. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფდა სტუდენტების მიერ დღის წესრიგში დაყენებული ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სტუდენტების უფლებების დაცვა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობადა სხვა.
გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობიდან, სტუდენტების ორივე მხარეს ეთხოვა, გარკვეულ საკითხებზე წერილობით წარმოედგინათ პოზიციები, რომლის მიღების ვადა დღეს იწურება. მიღებული ინფომაციის განხილვის შედეგად დაგეგმილია კანონში ცვლილებების ასახვა.
ამასთან, სამინისტრო აიღო ვალდებულება, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, შეექმნა რეფორმაზე მომუშავე პლატფორმა, რომლისთვისაც სტუდენტების ორივე მხარეს უნდა წარმოედგინა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კანდიდატურები. ამ ეტაპზე სამინისტრო სტუდენტების მხრიდან ელოდება კანდიდატების წარმოდგენას.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სტუდენტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენესაღნიშნული შეთანხმებები. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინციდენტის თაობაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, რადგან დაუშვებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ქმედებები.
დამკვიდრებული სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ყველა დაინტერესებულ მხარეს კვლავ ვთავაზობთ დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს. სამინსიტრო მზად არის სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად და 27 მაისს 10 საათზე ყველა დაინტერესებულ მხარეს ღია ფორმატის საერთო შეხვედრას სთავაზობს, სადაც შეჯერდება დღემდე მიღწეული შედეგები და მომდევნო ნაბიჯები განისაზღვრება”,– აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “აუდიტორია 115–ის” წევრზე სავარაუდოდ თვითმმართველობის ყოფილი წევრების ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ “აუდიტორია 115–ის” წევრებმა სახელმწიფო სტრუქტურებს ულტიმატუმი წაუყენეს და თსუ–ში თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
აუდიტორია 115-ის წევრებმა თსუ-ის თვითმმართველობის კაბინეტები დაიკავეს
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო