150 000 ლარი 4 000 პედაგოგისთვის – რა ჯდება ჭადრაკში მასწავლებელთა გადამზადება და კიდევ რა ხარჯებს გაიღებს განათლების სამინისტრო
მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, მათემატიკის საგნობრივ ჯგუფში ჭადრაკი სავალდებულო საგნად ჩაიწერა, რის მიხედვითაც ის, I კლასელებმა უნდა ისწავლონ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა ტრენინგები დაიწყო.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, 2022 წლის 10 სექტემბრამდე, ჭადრაკში, სულ 4 000-მდე მასწავლებლის გადამზადება იგეგმება. როგორც მასწავლებლის სახლიდან ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პასუხად დღეს, 23 ივნისს გვაცნობეს, 20 ივნისის მდგომარეობით, უკვე გადამზადებულია 400 საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი.
ტრენინგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან ფინანსდება და, როგორც წერილშია განმარტებული: „ჭადრაკის მასწავლებელთა გადამზადებისთვის, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს. საპილოტე რეჟიმში შექმნილი იყო მცირეკონტინგენტიანი ჯგუფები. ამ დროისთვის ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა გაზრდილია და სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ლიმიტს“.
ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ ტრენინგები ცენტრის ეგიდით და ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
„ტრენინგებს ატარებენ ჭადრაკის დიდოსტატები და დამსახურებული მწვრთნელები. ჭადრაკის მასწავლებლის სტატუსს კი ის მსმენელი მიიღებს, რომელიც დააკმაყოფილებს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს“, – გვპასუხობენ მასწავლებლის სახლში, თუმცა EDU.ARIS.GE -ს კითხვებს, რა თანხა ჯდება ერთი მასწავლებლის გადამზადება და რას შეადგენს ერთი ტრენერის ყოველთვიური ანაზღაურება, უპასუხოდ ტოვებენ.
ჭადრაკის პირველ კლასში სავალდებულო საგნად შემოტანის ნაწილში, გარდა პედაგოგთა გადამზადებისა, განათლების სამინისტროს სხვა ხარჯების გაწევაც მოუწევს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, 22 ივნისს, 4000 ცალი ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფის შესაძენად, ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც, შესაძლოა, 700 000 ლარი დაიხარჯოს.
ტენდერში, რომელიც 13 ივლისსუნდა დასრულდეს, სულ ოთხი კომპანია მონაწილეობს. ორი მათგანი 700 000-ზე იაფად სთავაზობს საჭადრაკო დაფების მიწოდებას, ერთი – უფრო ძვირად, თუმცა როგორც ჩანს, ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან უპირატესობას მას მიანიჭებენ, ვინც საჭადრაკო დაფებს დროის მოკლე პერიოდში, 35 კალენდარულ დღეში მიაწვდით. დანარჩენი კომპანიები ჭადრაკის დაფების მიწოდების ვადად 4-დან 6 თვემდე ითხოვენ.
როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, დადგინდა, რომ ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრება 700 000 ლარით, დღგ-ს ჩათვლით და 4000 ცალი სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფის მიწოდების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღე.
როგორი უნდა იყოს დაფა, რომლითაც პირველკლასელს ჭადრაკს ასწავლიან ცნობილია და სკოლებისათვის სადემონსტრაციო დაფის ძირითადი მახასიათებლები ასე გამოიყურება:
- საჭადრაკო დაფის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 72,5/72,5 სმ. დაფის ქვემოთ უნდა განთავსდეს განათლებისა მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლოგოები;
- დაფა უნდა იყოს მობილური, საკიდით, არა კეცვადი;
- დაფას ოთხივე მხრიდან ნოტაციის და ციფრების აღმნიშვნელი უნდა ჰქონდეს;
- ფიგურების ზომა მინიმუმ 4,5 – 6,5 სმ-მდე უნდა იყოს, „სტაუნტონის მოდელი“, თეთრი და შავი;
- უჯრის ზომა – მინიმუმ 7,5/7,5 სმ;
- უჯრის ფერი – თეთრი და სერი (შინდისფერი);
- მასალა – დაფა ოთხშრიანი: ა)ალუმინის ჩარჩო ბ) მდფ გ) თხელი მაგნიტური მეტალის ფირფიტა დ) არახევადი ქაღალდი ; ფიგურები – პოლიეთილენის 8 მმ -დე სისქის მაგნიტთან ერთად;
- სულ დაფის სისქე ოთხივე შრის – 12მმ;
- დაფის წონა უნდა იყოს 6,5 – 7 კგ. (სავარაუდოდ); ფიგურების (32 ცალი) 250 – 350 გრ.;
- მაგნიტის ზომა ფიგურებზე – მინიმუმ 1-2 მმ სისქის, რომელიც მაგრდებაფიგურის მთელ ფართობზე. ფიგურები არ უნდა ცურავდეს დაფაზე;
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ფიგურების ჯანმრთელობის სერტიფიკატი;
ასევე იხილეთ:
რომელი სკოლების პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს სავალდებულოდ სექტემბრიდან – მინისტრის ბრძანება
ეს სკოლისთვის დამატებითი ხარჯი იქნება? – სკოლის დირექტორები და სპეციალისტი ჭადრაკის სწავლებაზე
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება