რომელი სკოლების პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს სავალდებულოდ სექტემბრიდან – მინისტრის ბრძანება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, 19 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში წერია, რომ მათემატიკის საგნობრივ ჯგუფში სავალდებულო საგნად ჭადრაკი ჩაიწერა, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა სკოლაში მისი სწავლება შეუძლებელი იქნება.
ჭადრაკი სავალდებულოდ სკოლის საათობრივ ბადეში 2022 წლის სექტემბრიდან უნდა დაემატოს.
„მოსწავლეების ანალიტიკური, ლოგიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშესაწყობად, სისტემური და სტრატეგიული აზროვნების გასაძლიერებლად, მათი ემოციურ-სოციალურ-კოგნიტური განვითარების, ასევე ევროპარლამენტის 2012 წლის ევროკავშირის საგანმანათლებლო სისტემებში პროგრამის – „ჭადრაკი სკოლაში“ – დანერგვის შესახებ დეკლარაციის გათვალისწინების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატოს ჭადრაკი“, – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.
ახალი ბრძანების საფუძველზე, ჭადრაკი I კლასელებმა უნდა ისწავლონ, „რათა მოსწავლემ შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“, თუმცა ბრძანებაშივე ვკითხულობთ, რომ I კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში იქნება სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.
“I კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი”, – წერია ბრძანებაში.
როგორ უნდა განაწილდეს საათობრივ ბადეში აღნიშნული ცვლილებები, რომელიც ეხება როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებს, შეგიძლიათ, იხილოთ ბრძანებაში.
მინისტრის ახალ ბრძანებაში ასევე შენიშვნაა გაკეთებული საგნის, „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ სავალდებულოდ სწავლების შესახებ:
„II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით სკოლებს შეუძლიათ დაიმატონ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საგანი ხდება სავალდებულო“.
ჭადრაკის პირველი კლასიდან სწავლების შესახებ განცხადება გაავრცელა განათლების სამინისტრომაც:
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.
სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.
ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან. აღსანიშნავია, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს”, – წერია მედიისთვის გავრცელებულ დამატებით ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა – როგორ გამოიყო საქართველოს ისტორია ცალკე საგნად
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება