186 საბავშვო ბაღიდან 115 დახურულია – კოვიდსტატისტიკა თბილისის ბაღებსა და ბავშვებში
თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დღეს მოწოდებული ინფორმაციით, 3 თებერვლის მონაცემებით, კოვიდპანდემიის გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 115 მთლიანად დახურულია. იმ ბაღებში კი, რომელიც დღეის მდგომარეობით დაკეტილი არ არის, 39 ჯგუფია დახურული. ინფიცირებულია საბავშვო ბაღის 140 აღსაზრდელი და 593 თანამშრომელი.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, 1-ელ თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ახალი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და სკოლებსა და ბაღებში მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს. ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ უკვე დაწესებული რეგულაციების მიხედვით მუშაობენ და მათთვის არაფერი შეცვლილა.
კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ კი ბავშვებს აქამდე დაფიქსირებულ შტამებზე მეტად ერჩის. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფისა და ბავშვთა იაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება და ბავშვთა ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 15%-ია. ჩხაიძე ამბობს, რომ პოსტკოვიდური გართულებების მქონე ბავშვების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას მარტის თვეში ელოდებიან.
„ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი ბავშვებში იწვევს, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. როდესაც ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოში იქნება მეექვსე ტალღის პიკი, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის თვე იქნება გამორჩეული პოსტკოვიდური გართულებების მხრივ. მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ამ პაციენტების მართვა შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარებში“, – თქვა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში.
3 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 42 ადამიანი. დღეისათვის ქვეყანაში 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 936 (2.22%) სრულად აცრილია – 2 779 (1.57%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 455 (15.36%) სრულად აცრილია-10 873 (13.41%).
ასევე იხილეთ:
სკოლებში სწავლა გაგრძელდება – საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვა არ დააწესა
განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს დახმარებისკენ მოუწოდებს
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება