GE

განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს დახმარებისკენ მოუწოდებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი მოსწავლეთა მშობლებს მოუწოდებს, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რათა სკოლები არ დაიხუროს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ გამოცხადდა. მიზეზად კი ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის სლოგანი დასახელდა, რომლის მიხედვითაც, პანდემიურ პერიოდში ყველაზე ბოლოს სკოლები უნდა დაიხუროს და ყველაზე ადრე გაიხსნას, რადგან ჩაკეტილმა სკოლებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ბავშვების განათლებას.

მიხეილ ჩხენკელის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული  2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სულ 201 სკოლაა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასული. სკოლები კი ყველაფრით აღჭურვილნი არიან, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს.

მახარაშვილმა „იმედის“ ეთერში მოსწავლეთა მშობლებს დახმარებისკენ მოუწოდა.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში და რაც უფრო იზრდება ციფრი, მით უფრო, ჩვენი მუშაობა და ჩართულობაც… ზუსტად ვიცით სად, როგორ, რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით, რასაკვირველია, კიდევ უფრო ასმაგად კონტროლირებადი ხდება ჩვენი მხრიდან ყველაფერი.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები აუცილებლად დაგვიდგნენ გვერდით. მაშინ როდესაც, არის შესაძლებელი ონლაინ პლატფორმის საშუალებით აირჩიონ ონლაინ სწავლების ფორმა, მშობლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და დაგვეხმარონ, რომ დიახ, საკლასო ოთახებში შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი“, – აცხადებს თამარ მახარაშვილი.

ასევე იხილეთ: 

სკოლებში სწავლა გაგრძელდება – საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვა არ დააწესა

მინისტრის მოადგილე განმარტავს რა რეკომენდაცია აქვთ სკოლებთან დაკავშირებით NCDC-სგან 31 იანვრის მდგომარეობით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური