GE

[2-08.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

[2-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

02/08/2019 – 08/08/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

 

ზოგადი განათლება

§

2 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე დადგინდა ცვლილებები ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“; ამ ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლებისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჭიროების შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, აღნიშნულ პოზიციას კი ვაკანტურად გამოაცხადებს. ამ პოზიციაზე შესაბამისი კომპეტენციის პირის შერჩევისა და დანიშვნის შემდეგ, პრაქტიკოს მასწავლებელს შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება.

§

საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დაამტკიცა. უკვე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლების გარდა, ჯილდოთი სარგებლობის უფლება აქვთ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებსაც, რომელთაც საპენსიო ასაკი 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს (მაისის მონაცემებით, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა დაადასტურა), სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს ბოლო 3 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ზე ნამრავლს მიიღებენ.

ფულადი ჯილდოს გაცემა 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.

2019 წლის დასრულებამდე 4 თვეზე მეტი რჩება. 200-ლარიანი პენსიისა და გაუფასურებული ლარის პირობებში, პენსიაზე გასულ მასწავლებლებს ჯილდოს მოლოდინში ისედაც ,,შემოჭერილი ქამრების“ შემჭიდროვება მოუწევთ.

§

სასწავლო წლის დასაწყისში პირველკლასელები სახელმძღვანელოებთან ერთად პორტაბელურ კომპიუტერებსაც ელოდებიან. ამ ტრადიციას საფრთხე შეუქმნა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ჩაშლილმა ტენდერმა. დროის დეფიციტის გამო, მთავრობამ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის უფლება მისცა. შერჩეულმა კომპანიამ 14 სექტემბრამდე 42 500 ლეპტოპის მოწოდება უნდა უზრუნველყოს. საუბარია ACER-ის ფირმის ლეპტოპებზე, რომლის ერთეულის ღირებულება 545 ლარს შეადგენს, ჯამურად გადასახდელი თანხა კი 23 163 500 ლარია.

§

მანდატურთა შერჩევის მიზნით, მიმდინარეობს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსი. განაცხადების მიღება 2019 წლის 10 აგვისტოს დასრულდება. შერჩეული კანდიდატები სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2-თვიან მოსამზადებელ კურსს გაივლიან.

მოქმედი მანდატურებისთვის 1-ლი ივლისიდან 4-აგვისტომდე მიმდინარეობდა სპეციალური დისტანციური კურსი, რომლითაც 350 მოქმედი მანდატური გადამზადდა. 2021 წლის ბოლომდე ყველა (1300) მოქმედი მანდატური გაივლის ახალ მოდულს დისტანციური სწავლების ფორმით.

პროფესიული განათლება

§

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების შემთხვევა: ფაქტზე დააკავეს პროფესიული სასწავლებლის დირექტორი, რომელმაც დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

უმაღლესი განათლება

§

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის პირველადი შედეგები აბიტურიენტებისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ქულები ცნობილია. პრეტენზიების მქონეთათვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს დაიწყო და 13 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. პროცესი მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია. აპელაციის საფასურის გადახდა ხდება სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი, ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში, გამოცდების მონაწილეს აპელაციისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება. აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

§

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელი გულისხმობს, აბიტურიენტის მზაობის უკეთ შემოწმებასა და გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;

მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შეთავაზებული საგნებიდან დააწესებენ; ზოგადი უნარების გამოცდამ სავალდებულოდან არჩევითში გადაინაცვლა.

აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

რამდენად მოირგებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ პირობებს აბიტურიენტები და უნივერსიტეტები ამას მომავალი გამოავლენს, რეპეტიტორთა საზოგადოება კი ,,ჩრდილში“ დარჩენილი საგნების გამო უკმაყოფილებას არ მალავს.

§

სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, თუ კონკრეტულად რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

§

8 აგვისტოს განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალზე მუშაობს კომისია, რომელიც მალე დადებს საბოლოო სიას. დაინტერესებულთათვის ეს ჩამონათვალი ცნობილი იქნება მათთვის პრიორიტეტულ ფაკულტეტთა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის დასრულებამდე.

§

8 აგვისტოს მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ შემოდგომაზე გახდება ცნობილი. ეს მოდელი 2020 წლიდან ამოქმედდება.

§

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგების ცენტრის (CWUR ) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, საუბარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, რომლებიც მსოფლიოს 18 000 უნივერსიტეტიდან 2000 საუკეთესოში მოხვდნენ. კერძოდ, World University Rankings 2019-2020-ის შედეგებით, თსუ – 1073-ე, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილს იკავებს.

§

გამოცხადდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი. ელექტრონული რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ფონდის კანცელარიაში – 16 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ქართულ-გერმანული კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.

არაფორმალური განათლება 

§

5 აგვისტოს განათლების საერთაშორისო ცენტრსა (IEC) და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება მცირე საგრანტო პროგრამების განსახორციელებლად საგრანტო თანხის გადაცემის შესახებ. მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია ცენტრის მიერ მხარდაჭერილ კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება და წევრთა თანამშრომლობის ხელშეწყობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ARIS.GE - განათლება