GE

2020 წელს განხორცილებული საქმიანობა პროფესიულ განათლებაში – მინისტრის შეჯამება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდიარე პროფესიული განათლების მიმართულებით შეიქმნა. მისი თქმით, პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა მიღებისთვის.

„პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი. დაინერგა ჰიბრიდული სწავლების მიდგომები. არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები, ავტორიზაციის პროცესები წარიმართა ონლაინ რეჟიმში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. რის შედეგადაც პროფესიულმა სასწავლებლება შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4400 ადგილი. პროფესიულ პროგრამებზე შეუფერხებლად ჩაირიცხა 9500 სტუდენტი,“ – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ყურადრება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რაც სისტემაში მიმდინარე წელს განხორციელდა: „პროფესიული სასწავლებლებისთვის დამტკიცდა ევროპული ხარისხის ინდიკატორებზე დაფუძნებული ავტორიზაციის ახალი სტანდარტები. ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, გაგრძელდა ზრდასრულთა მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით შემუშავდა პროგრამა პროფესიული განათლების შემდგომი განვითარებისთვის, რომლის მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკმა 70 მილიონი დოლარი გამოყო.“

მიხეილ ჩხენკელის თქმით, თითქმის 15 წლიანი წყვეტის შემდეგ, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს: „წელს პირველად მივიღეთ სტუდენტები ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.“

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული პროექტები პროფესიული განათლების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით დასრულდა ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია და 10-მდე პროფესიულ კოლეჯში მიმდინარეობს სახელოსნოების მოწყობა-განვითარება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური