„რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით“ – ირაკლი კობახიძე პროფესიულ განათლებაზე
„პროფესიული განათლების მხარდაჭერით მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ვუქმნით, ვაძლიერებთ რეგიონებს და ვავითარებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 ნოემბერს განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროფესიული განათლება საქართველოს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, ხოლო ხელისუფლების ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები ჰქონდეთ.
„პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე გათვლილი, მომავალზე ორიენტირებული. ხარისხიანი სწავლება არის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი საფუძველიც და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას… ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კვლევის თანახმად, კვალიფიციური კადრები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე საჯარო სექტორისთვის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სათანადო პირობებს სახელმწიფო დაფინანსებით – ახალგაზრდებსაც და მათაც, ვისაც საქმიანობის სფეროს შეცვლა სურს, სწავლის საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ პროფესიის დაუფლება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია: ცოდნა მოქალაქეს აძლევს დასაქმების საშუალებას, შემოსავლის გაზრდის საშუალებას, ხოლო ბიზნესს ამარაგებს კვალიფიციური კადრებით. ამიტომ დაფინანსებას ჩვენ სწავლების ხარისხს, პრაქტიკულ მომზადებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვუკავშირებთ, რასაც 50-ზე მეტ კომპანიასთან კოლეჯის პარტნიორობაც, ბუნებრივია, უწყობს ხელს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ასევე იხილეთ:
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
დოკუმენტების მიღება დაიწყო – პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა საშემოდგომო ჩარიცხვების საბოლოო შედეგები ცნობილია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს – ვადა
by პროფესიული განათლების ამბები