GE

2020 წლის აბიტურიენტების ნაწილი უნივერსიტეტში მოსახვედრად შიდა გამოცდას ეროვნულ გამოცდებამდე აღარ ჩააბარებს – რა იცვლება კანონში 

იმ აბიტურიენტის მიმართ, რომელსაც სურს, 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოიხსნება ამავე დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა.

EDU.ARIS.GE აქამდეც წერდა, რომ სახელოვნებო და სპორტული მიმართულების უნივერსიტეტებს (სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ფიზკულტურისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტი) შიდა კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაცია თავადაც არ ჰქონდათ, ამბობდნენ, რომ რეკომენდაციების მიღების შესაბამისად იმოქმედებდნენ. ახლა კი, ამ საკითხს კანონი შეცვლის.

შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი და წევრი გენადი მარგველაშვილი და ალექსანდრე ქანთარია არიან.

„ზემოხსენებული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები“, – აღნიშნულია პროექტში.

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. ინიციატორები პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

როგორ და როდის ჩააბარებენ ამ გამოცდას აბიტურიენტები ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას EDU.ARIS.GE დეპუტატებისგან და თავად უნივერსიტეტებისგან შეეცდება, ჯერ დეტალები უცნობია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური