შიდა გამოცდებთან დაკავშირებული გაურკვევლობა სამხატვრო აკადემიაში, კონსერვატორიასა და ფიზკულტურის უნივერსიტეტში
ეროვნული გამოცდების ბედის გადაწყვეტამდე, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში, შიდა მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებითაც საკმაოდ დიდი გაურკვევლობაა. იმ უნივერსიტეტებში, სადაც აპლიკანტთა გადარჩევისთვის მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულები არ კმარა და მათ სახელოვნებო თუ სპორტულ კომპეტენციას შიდა საუნივერსიტეტო ტურით ამოწმებენ, კორონავირუსის გამო გამოცხადებულმა შეზღუდვებმა საკმაოდ დიდი თავსატეხი გააჩინა. ამ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობა ახლა იმაზე ბჭობს, თუ როგორ ჩაატაროს გამოცდები ისე, რომ ეს უსაფრთხო იყოს აბიტურიენტებისთვისაც და გამომცდელებისთვისაც.
შიდა საუნივერსიტეტო ტური, ეროვნულ გამოცდებთან ერთად, ყოველწლიურად, აბიტურიენტების მისაღებად აუცილებელი პირობაა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ფიზკულტურისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
ამ უკანასკნელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესვლისთანავე დაგხვდებათ აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციისა და ჩატარების თარიღი არ შეცვლილა – რეგისტრაცია მაისში გამოცხადდება, გამოცდა კი ივნისში გაიმართება. აქვე აღნიშნულია, რომ თუ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მისაღები გამოცდების ვადების შეცვლას გადაწყვეტს, ინფორმაცია აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ მედიაში განთავსდება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ტურის ფორმატთან და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
შიდა ტურთან დაკავშირებულ კითხვებზე აკადემიაში ვერაფერი გვიპასუხეს და განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით თავადაც არ იციან ზუსტად როგორ და როდის გაიმართება იგი, თუმცა დასძინეს, რომ შიდა ტურის საერთოდ მოხსნაზე საუბარი არ არის.
„ჩვენს ვებ-გვერდზე ის ვადები წერია, რაც ამ ეტაპზეა განსაზღვრული, თუმცა 100%-ით დაზუსტებით არაფერი ვიცით – რა იქნება, როდის და რა ფორმით. ყველა მოლოდინშია“, – დასძინეს სამხატვრო აკადემიაში.
აღნიშნულ საკითხზე ასევე არაფერი იციან ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც შიდა გამოცდის ჩაბარება თითოეული ფაკულტეტის სტუდენტს უწევს. კონსერვატორიაში სხვადასხა სპეციალობაზე განსხვავებული გამოცდა ტარდება. აქ არის როგორც სოლო, ისე ჯგუფური გამოსვლები. შესაბამისად, თითოეული სპეციალობის გამოცდის ფორმატის შესახებ მსჯელობა ინდივიდუალურად უწევთ.
კონსერვატორიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით ჩატარდება ტური და რა რეკომენდაციებს მიიღებენ ისინი ჯანდაცვისა თუ განათლების სამინისტროებიდან. ამბობენ, რომ სიტუაცია ურთულესია და ამ ეტაპზე იმასაც კი ვერ გვეუბნებიან, იგეგმება თუ არა შიდა გამოცდის საერთოდ გაუქმება. მათი თქმით, ამ თემებზე საუბარი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შიდა გამოცდა აუცილებლად რომ ჩატარდება, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უკვე იციან. სხვებთან შედარებით აქ საქმე ბევრად მარტივადაა, რადგან შიდა გამოცდები ღია სივრცეში – დინამოს სტადიონზე ტარდება. შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება დისტანციის დაცვა თუ იმ სხვა რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტები სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღებენ.
ფიზკულტურისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტში შიდა გამოცდა მხოლოდ ერთ – მწვრთნელთა ფაკულტეტზეა საჭირო. ჩასაბარებელი ნორმატივები 100 მეტრზე სირბილს, ღერძზე მიზიდვასა და სიგრძეზე ხტომას მოიცავს. სხვებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან გამოცდების ჩატარების თარიღიც – იგი 16 ივნისს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. იციან იმ აბიტურიენტთა რაოდენობაც, რომლებიც ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე აბარებენ და შესაბამისად, შიდა გამოცდის გავლა მოუწევთ – მათი რაოდენობა 310-ს შეადგენს. შესაბამისად, უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ მათი გადანაწილება ისე, რომ ერთმანეთს საფრთხე არ შეუქმნან, შესაძლებელი იქნება.
„წელს, სავარაუდოდ, რაღაცების შეცვლა მოგვიწევს. ჯერ ზუსტად არ ვიცით რა იქნება, მაგრამ 16 ივნისამდე, ალბათ, გაირკვევა. დილის 9 საათიდან 12 -მდე და საღამოს 5-დან 8 საათამდე 50-50 კაცს მივიღებთ. პირბადეები, დისტანციის დაცვა და მსგავსი რეკომენდაციები, ალბათ, ძალაში დარჩება. ველოდებით, რომ საქმის კურსში აუცილებლად ჩაგვაყენებენ“, – აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია.
შეგახსენებთ, რომ განათლების თემებზე დარგობრივი პრეზენტაციის გამართვას მთავრობა დაახლოებით ერთ კვირაში, ყველაზე ბოლო ეტაპზე გეგმავს.
საზოგადოება პრემიერის დაანონსებული განათლების ამუშავების გეგმის პრეზენტაციის მოლოდინში
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება